არ დავიშლებით და არ დავნებდებით რუსს - გიორგი მარგველაშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა
ამობეჭდვა · 20 / 07 / 2019 21:58
არ დავიშლებით და არ დავნებდებით რუსს - გიორგი მარგველაშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა

აქ ვიცავთ ჩვენს ღირსებას, სამშობლოს, ჩვენს უფლებებს და იცოდეთ, რომ ჩვენ არ დავიშლებით და არ დავნებდებით რუსს, - ასე მიმართა პარლემენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.

მისი განმარტებით, აქციის მონაწილეთა მოთხოვნა სამართლიანია.

„მე აქ თვენთან სასაუბროდ მოვედი, მაგრამ მირჩევნია, მივმართო იმ ხალხს, ვინც დღეს აქ არ დგას. მივმართო პირველ რიგში, ჩემს და ჩემზე უფროს თაობას და გითხრათ, მოდით და ნახეთ როგორ იქმნება ახალი საქართველო. მოდით აქ და ნახეთ, რომ ის სისხლი, რაც 30 წლის წინ ჩვენ და ჩვენმა მამებმა აქ დაღვარეს, რითიც მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, ტყუილად არ მომხდარა. მოდით და ნახეთ, ჩვენი შვილების თაობა, როგორ ქმნის თავისუფალ ქვეყანას, მოდით და ეს ნახეთ.

მინდა მივმართო, აგრეთვე მმართველ პოლიტიკურ გუნდს - ერთ-ერთმა თქვენმა ლიდერმა, როგორც მითხრეს დათვლა დაიწყო და 200 კაცზე მეტს ვეღარ კრებენო, აქ ხალხს არ კრებენ, ხალხი იკრიბება, იკრიბება თავისუფალი ნების საფუძველზე. ნუ ზომავთ ასე, რომ ვიღაც ვიღაცას კრებს, არა თავისუფალი ხალხი თვითონ იკრიბება. ნუ ზომავთ რაოდენობით. ეს არ არის რაღაც, მევახშეს საზომი ამბავი. თავისუფალი ხალხის თავისუფალი შეკრებაა. სულ რომ მეათედი იყოს აქ, ბევრად უფრო მეტის გამკეთებელია ვიდრე 100, 200 და 300 ათასი მოყვანილი. მოდით და თქვენც ჩაერთეთ ამაში, მოდით და ნაწილი იყავით ახალი საქართველოს შენობის, იმიტომ,რომ აქ დაყენებული მოთხოვნები არის სამართლიანი და სამართლიანობის უკან, როდესაც 2 ადამიანიც დგას, იცოდეთ, რომ ის სამართლიანობა ყოველთვის გაიმარჯვებს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველშვილმა საერთაშორისო საზოგადოებასაც მიმართა:

"მინდა, მივმართო საერთაშორისო თანამეგობრობას და საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც თბილისში არიან. ნუ გგონიათ, რომ საქართველოს იპოვნით დახურულ კაბინეტებში და დახურულ შეხვედრებზე, მოდით აქ და დაესწარით ახალი საქართველოს შექმნას“, - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

ტეგები