მიხეილ სააკაშვილის პარტიამ ბარიერი ვერ გადალახა
ამობეჭდვა · 21 / 07 / 2019 21:16
მიხეილ სააკაშვილის პარტიამ ბარიერი ვერ გადალახა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალ ძალთა მოძრაობამ“ უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი ვერ გადალახა. ამის შესახებ 1tv წერს.

ეროვნული ეგზიტპოლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის პარტიამ 0,4 პროცენტი მიიღო, რაც არ არის საკმარისი მეცხრე მოწვევის რადაში მოსახვედრად. ბარიერი უკრაინის კანონმდებლობით ხუთი პროცენტია.

შეგახსენებთ, რომ 19 ივლისს მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა განცხადება და მომხრეებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ზელენსკის პარტიას, რადგან „ახალ ძალთა მოძრაობა“ ბარიერს ვერ გადალახავს.

ეროვნული ეგზიტპოლის წინასწარი შედეგების მიხედვით, უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ვლადიმირ ზელენსკის პარტია ლიდერობს.

უკრაინის ცესკო პირველ წინასწარ შედეგებს გვიან ღამით გამოაქვეყნებს. ახალი მოწვევის რადა 9 სექტემბრამდე უნდა შეიკრიბოს.

უკრაინაში ვადამდელი არჩევნები უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა.

უკრაინაში მიმდინარე ვადამდელ საპარლამენტოს არჩევნებს საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი აშუქებს.