პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრნენ
ამობეჭდვა · 23 / 07 / 2019 12:55
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრნენ

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ირაკლი ბერაია და ირაკლი აბესაძე, ასევე კომიტეტის აპარატის თანამშრომლები, ვაშინგტონს, ნიუ-იორკს, დენვერსა და კოლორადო სპრინგსს ეწვევა.

შეხვედრები გაიმართება ისეთ უწყებებში, როგორებიცაა აშშ-ის სახელმწიფო და თავდაცვის დეპარტამენტები, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭო, სენატისა და წარმომადგენელთა პალატის დაზვერვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები, ერთობლივი კონტრტერორისტული ცენტრი, ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო და კოსმოსური თავდაცვის სარდლობა (NORAD). შეხვედრები ასევე დაგეგმილია ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველ მოსამართლეებთან, აშშ-ის თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის, ატლანტიკური საბჭოს, კორპორაცია რანდისა და მედიის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის მიზანს აშშ-ის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფორმულირების პროცესის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებზე კონგრესისა და სასამართლო ზედამხედველობის მექანიზმების, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში უწყებათშორისი კოორდინაციის, აგრეთვე, ფედერალურ, შტატის და მუნიციპალურ დონეებზე უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების გაცნობა წარმოადგენს.

ვიზიტი საქართველოში აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით და მხარდაჭერით ხორციელდება.






 

ტეგები