ეკა ბესელია: სანამ მაია ცქიტიშვილი სიზმარში ნახავდა იმ თანამდებობას, რაც უჭირავს, მე დღის წესრიგში მაშინაც ვიყავი
ამობეჭდვა · 23 / 07 / 2019 14:22
ეკა ბესელია: სანამ მაია ცქიტიშვილი სიზმარში ნახავდა იმ თანამდებობას, რაც უჭირავს, მე დღის წესრიგში მაშინაც ვიყავი

სანამ მაია ცქიტიშვილი სიზმარში ნახავდა იმ თანამდებობას, რაც უჭირავს, მე დღის წესრიგში მაშინაც ვიყავი, – განაცხადა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის საპასუხოდ. ბესელიას თქმით, არ მიიჩნევს ცქიტიშვილს ღირსად, მასზე კომენტარი გააკეთოს.

​„თუ მაია ცქიტიშვილი ვერ ხვდება გუშინდელი კომენტარით, რა გაუკეთა საკუთარ თავს; იმასაც თუ ვერ ხვდება, ბოდიში მოსახდელი აქვს თუ არა ამ სიტყვებისთვის, ჩემი კომენტარია ზედმეტია.

მე არ ვთვლი ღირსად მას, რომ მასზე კომენტარი ვაკეთო. იმაზე მეტს ვერ გაუკეთებს პოლიტიკოსი და ქალი საკუთარ თავს, ვიდრე იმ სიტყვებით და კომენტარით გაუკეთა საკუთარ თავს მაია ცქიტიშვილმა.

უკაცრავად, რომ თქვენს კითხვაზე მიწევს პასუხების გაცემა, როცა მეკითხებით ამ საქმეზე რა ხდება და უკაცრავად, რომ ქალბატონი მაია ამ პასუხების გაცემის დროს მხედავს ისევ ეკრანზე.

საერთოდ, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა და სანამ სიზმარში ნახავდა იმ თანამდებობას, რა თანამდებობაც მას უჭირავს, მე დღის წესრიგში მაშინაც ვიყავი და ცოტა მეტად უნდა დაფიქრდეს ქალი, რას ლაპარაკობ, ვინც არ უნდა გავალებდეს ამას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ეკა ბესელიას მხრიდან მის პირად ცხოვრებაზე, პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებზე საუბარი უკვე ძალიან დამღლელია. „დამღლელია ძალიან უკვე ეკა ბესელიას მხრიდან მის პირად ცხოვრებაზე, პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებზე საუბარი და მუდმივად ამის დღის წესრიგში დაყენება. პირველი, რასაც აუცილებლად ვიტყვი არის ის, რომ შესაბამისი პასუხი ამ ყველაფერს გაეცა, ჰქონდა გამოძიებას საშუალება, მასაც ჰქონდა საშუალება, გამოძიებისთვის მიეწოდებინა მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, ყველაფერი დანარჩენი არის მორიგი მცდელობა მისი მხრიდან, რომ იყოს ახალი ამბების დღის წესრიგში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ამასთან, დღეს მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ეკა ბესელიაზე მისი კომენტარი არაეთიკურად არ მიაჩნია.

1tv.ge

ტეგები