მართლმსაჯულების სისტემაში მოსამართლე არის ღმერთი - შალვა თადუმაძე
ამობეჭდვა · 23 / 07 / 2019 14:28
მართლმსაჯულების სისტემაში მოსამართლე არის ღმერთი - შალვა თადუმაძე

„ეს ცოტა ხატოვანია. მართლმსაჯულების სისტემაში მოსამართლე არის ღმერთი. ის შეიძლება უარყო, დაგმო, გაასაჩივრო მისი გადაწყვეტილება, თქვა, რომ უსამართლოდ მოიქცა, თქვა, რომ არ მოგწონს მისი გადაწყვეტილება, მაგრამ კანონმდებლობა მას აძლევს შესაძლებლობას, რომ ის საბოლოო გადაწყვეტილება აუცილებლად აღსრულდება,“ - ეს განცხადება საქართველოს გენერალურმა პროკურორმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე გასაუბრების დროს გააკეთა.

შალვა თადუმაძე, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს, იუსტიციის საბჭოს წევრების შეკითხვებს პასუხობს.

„თქვენს მოტივაციაში წავიკითხე ასეთი წინადადება, მართლმსაჯულების სისტემაში მოსამართლე არის ღმერთი, მხარეებმა შეიძლება დაგმონ ან უარყონ იგი, მაგრამ მისი ნება აუცილებლად აღსრულდება. მითხარით, რას ნიშნავს, მოსამართლე არის ღმერთი?“ - აღნიშნა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ასევე დაინტერესდა, რის საფუძველზე თვლის თავს თადუმაძე სამართლიანად?

„რატომ გადაწყვიტეთ, რის საფუძველზე თვლით, რომ ხართ სამართლიანი? მკვლელს, რომელიც შურისძიების გამო, კლავს, თვლის, რომ არის სამართლიანი, ხომ ასეა?“ - მიმართა საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ირმა გელაშვილმა შეკითხვით პროკურორს.

„მკვლელი, რომელიც შურისძიებით კლავს, უფრო მეტ სიკეთეს აზიანებს, ვიდრე შურისძიება... მე ხომ მკვლელი არ ვარ... ვარ სამართლიანი იმიტომ, რომ თუნდაც იმ გამოცდილებით, რაც გამაჩნია ამ სფეროში,“ - აღნიშნა თადუმაძემ.

იუსტიციის საბჭოს წევრები ასევე დაინტერესდნენ, რას ფიქრობს შალვა თადუმაძე, რას ელოდება საზოგადოება "მართლმსაჯულების ღმერთისგან".

„რომის სამართალში სამართლიანობის ღმერთს, იუსტიციას თვალები ჰქონდა ახვეული და ხელთ უპყრია მახვილი და თემიდა, ფართოდ აქვს თვალები გახელილი და ხელში რქა უჭირავს, ანუ რას ელოდება მოსახლეობა, ხალხი მართლმსაჯულების ღმერთისგან?“ - მიმართეს შეკითხვით შალვა თადუმაძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ საზოგადოება კანონის უზენაესობას ელოდება.

„მართლმსაჯულების ღმერთისგან მოსახლეობა კანონის უზენაესობას ელოდება. მე არ ვიცი თვალის დახუჭვა და ფართოდ გახელა, ეს ჩემი თემა არ არის, მითოლოგიაში ცოტა ცუდად ვერკვევი,“ - აღნიშნა თადუმაძემ.

გენერალურ პროკურორს შეკითხვები კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებითაც დაუსვეს.

„მინდა, რომ წარმოიდგინოთ ასეთი შემთხვევა, რომ მოსამართლე ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ესაჭიროება მკურნალობა, რომლის ღირებულება არის მოსამართლის ერთი თვის ხელფასი, მოსამართლე იმიტომ, რომ გადარჩეს საღამოს საათებში, დამატებით იმუშაოს, ან დაწერილი აქვს თავისი დისერტაცია და ყიდის ამ დისერტაციას მაღალი თანამდებობის პირზე, შემიფასეთ მოსამართლის ქმედება“ - მიმართეს შეკითხვით თადუმაძეს, რაზეც მან უპასუხა:

„მე რომ არ მქონდეს ის თანამდებობრივი ტვირთი, რაც მაქვს, უფრო რადიკალურად გიპასუხებდით, მე მგონია, რომ ასეთი მოსამართლე უნდა მოკვდეს.“

გენერალურმა პროკურორმა ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე გააკრიტიკა, რადგან მისი აზრით, ისინი სასამართლოს მიმართ მწვავე განცხადებებს ღიად აკეთებენ. 

rustavi2.ge

ტეგები