კობა ლურსმანაშვილი: ინფრასტრუქტურის სამინისტროში დანერგილმა სისტემურმა ცვლილებებმა უპრეცედენტოდ დადებითი შედეგი მოიტანა
ამობეჭდვა · 23 / 07 / 2019 16:16
კობა ლურსმანაშვილი: ინფრასტრუქტურის სამინისტროში დანერგილმა სისტემურმა ცვლილებებმა უპრეცედენტოდ დადებითი შედეგი მოიტანა

საქართველოს პარლამენტის წევრის, ხარაგაულისა და ბაღდათის მაჟორიტარის კობა ლურსმანაშვილის განცხადებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დანერგილმა სისტემურმა ცვლილებებმა უპრეცედენტოდ დადებითი შედეგი მოიტანა.

„სამინისტრომ ბიუჯეტი 100 ზე მეტი პროცენტით აითვისა. 2019 წლის 6 თვის მონაცემების მიხედვით ყველა პროგრამა ეფექტურად მუშაობს და იგი განსაკუთრებით გათვლილია რეგიონების განვითარებასა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაზე.

შთამბეჭდავია ამ მიმართულებით 6700 პროექტის მართვა 400 მილიონი ლარის ფარგლებში, ხოლო ათვისების თვალსაზრისით სამინისტრომ 183 მილიონი ლარით მეტი აითვისა წინა წელთან შედარებით. ამ მასშტაბის ღონისძიებები და პროექტები მუნიციპალიტეტების დონეზე არასოდეს განხორციელებულა.’’ - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

პარლამენტის წევრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენა 2019 წლიდან, რაც ჩვენს მოქალაქეებს პროცესებში ჩართულობის შესაძლებლობებს აძლევს. მისი განცხადებით მოქალაქეები თავად განსაზღვრავენ პრიორიტეტებს, რაც ადგილობრივ დონეზე დემოკრატიის და საჯაროობის პრინციპებს აძლიერებს, სამინისტროს მიერ მთის ფონდიდან განხორციელებული პროექტები და პროგრამები კი მაღალმთიან დასახლებებს სწრაფი განვითარების დამატებით სტიმულს აძლევს.

კობა ლურსმანაშვილი მიესალმება მთავრობის მიერ დეკლარირებულ და განხორციელებულ პროექტებს და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი სამოქალაქო საზოგადოებასა და მოსახლეობას იმედიანად განაწყობს.

 

ტეგები