ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ მზიურის ტერიტორიაზე ჯიუტად გრძელდება არამიზნობრივი მშენებლობები
ამობეჭდვა · 23 / 07 / 2019 16:18
ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ მზიურის ტერიტორიაზე ჯიუტად გრძელდება არამიზნობრივი მშენებლობები

ვაკის მაჟორიტარული ოლქის დეპუტატი და რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი, ბიძინა გეგიძე, აქტიურად არის ჩართული არამიზნობრივი, გაუმართლებელი მშენებლობების წინააღმდეგ მიმართულ ყველა პროცესში.

ბიძინა გეგიძის განცხადებით, „ბოლო დროს შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ დიდი ხნის მუშაობამ და ბრძოლამ, რაც კონკრეტული კომერციული ინტერესებისაგან ქალაქის მწვანე, რეკრეაციული სივრცეების დაცვას ისახავდა მიზნად, შედეგი გამოიღო. განსაკუთრებით, იმედის მომცემი გახლდათ ახალ გენერალურ გეგმასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად უკანანონო და გაუმართლებელი მშენებლობების აკრძალვა.

თუმცა, როგორც ვხედავთ, პოზიტიური ცვლილებების მოლოდინი კვლავ მოლოდინად რჩება. დღეს, 23 ივლისს, დაგეგმილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა; სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორისაა ი. ჭავჭავაძის გამზირის დუბლ-საპროექტო გზასა და ინდივიდუალური ბინათმშენებლობა "ვაკე-94"-ის ტერიტორიას შორის, (ნაკვეთი 05/139) მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.14.14.005.197) განაშენიანების რეგულირების გეგმა. აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს, რომ ყოფილი რაგბის კავშირის მიწის ნაკვეთი, მზიურის ტერიტორია, კვლავ სამშენებლო კომპანიის ინტერესების მსხვერპლი უნდა გახდეს გრგ-ს დამტკიცების შემდეგ. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, რაც სრულიად ეწინააღმდეგება როგორც მზიურის მიმდებარე ტერიტორიის ფუქნციურ მნიშვნელობას, ისე მიწის ნაკვეთის თავდაპირველ დანიშნულებას.“

ბიძინა გეგიძე დიდი ხანია აცხადებს, რომ თბილისში „მზიურის“ ტერიტორიაზე რაგბის კავშირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კომერციული მიზნებისთვის გასხვისება უმძიმეს ფაქტს წარმოადგენს. მაჟორიტარმა დეპუტატმა არაერთგზის მიმართა რაგბის კავშირიდან მიწის შემსყიდველ, სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ხელმძრვანელობას, მრავალსართულიანი შენობების მშენებლობის დაწყების პროცესების შეჩერების და კონსულტაციების გამართვის თხოვნით. თუმცა, როგორც დადასტურდა, სამშენებლო კომპანიასა და მუნიციპალიტეტს განსხვავებული მიზნები ამოძრავებდათ.

ტეგები