ირაკლი ოქრუაშვილმა მიხეილ ქარელს ნაფტალინიანი ადამიანი უწოდა
ამობეჭდვა · 24 / 07 / 2019 10:36
ირაკლი ოქრუაშვილმა მიხეილ ქარელს ნაფტალინიანი ადამიანი უწოდა

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მისი ყოფილი თანაგუნდელის, მიხეილ ქარელის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი რომ გააკეთოს "ოქრუაშვილი კი აღარ ვიქნები, გამოშტერებულიშვილი ვიქნები". ასე აფასებს ის ქარელის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ოქრუაშვილმა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა გააყალბა. მის კომენტარს სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

„მიხეილ ქარელისნაირი ადამიანის განცხადებაზე, ესე იგი ნაფტალინიან ადამიანებზე, კომენტარი რომ გავაკეთო, ოქრუაშვილი კი აღარ ვიქნები, გამოშტერებულიშვილი ვიქნები. აი, ეს არის კომენტარი", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მიხეილ ქარელმა "ქრონიკასთან" ინტერვიუში პარიზში მომხდარი ამბავი გაიხსენა და თქვა, რომ ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის 2010 წელს გაფორმებულ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც ირაკლი ოქრუაშვილი თითქოს „რუსთავი 2“-ის ფორმალური მმართველია, ხალვაშის ხელმოწერა გაყალბებულია.