გარემოს დაცვის სამინისტრო: მესტიაში სტიქია არა ჰესმა, არამედ ბუნებრივმა მოვლენებმა გამოიწვია
ამობეჭდვა · 26 / 07 / 2019 12:25
გარემოს დაცვის სამინისტრო: მესტიაში სტიქია არა ჰესმა, არამედ ბუნებრივმა მოვლენებმა გამოიწვია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების წინასწარი შეფასებით, 25 ივლისს მესტიის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქია მხოლოდ ბუნებრივი ფაქტორებით იყო გამოწვეული. ამის შესახებ "იედინიუსი" წერს.

"უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა, თანდართულმა მყინვარების ინტენსიურმა დნობამ, მდინარე მესტიაჭალის ხეობაში, კერძოდ, მურყვამისა და ლეხზირის მყინვარებზე გამოიწვია ყინულოვან-მორენული მასის ჩამოშლა, რამაც გადაკეტა ხეობა და წარმოქმნა დროებითი ტბა, რომლის გარღვევის შედეგადაც ხეობაში განვითარდა უეცარი წყალმოვარდნა. წყლის დონის მატება გადაიზარდა ღვარცოფში. ეს მოვლენა განმეორდა 3-ჯერ, პირველი ტალღის წარმოქმნის დრო 7:00 სთ, მეორე - 14 :00სთ და მესამე ტალღა 19:00 სთ-ზე განვითარდა, რომელმაც დააზიანა ინფრასტრუქტურული ობიექტები.

24 ივლისს გარემოს ეროვნულ სააგენტოში მომზადდა და გავრცელდა გაფრთხილება 24 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 26 ივლისის დილამდე დასავლეთ საქართველოს ჩრდილო მთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი ნალექების, პატარა მდინარეებზე შესაძლო წყალმოვარდნების და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურების შესახებ. სინოპტიკოსების განმარტებით 26 ივლისს სვანეთის რეგიონში შენარჩუნდება დროგამოშვებით მცირე წვიმა, 19:00 საათიდან გამოიდარებს. გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს მიმდინარე პროცესზე უწყვეტ მონიტორინგს და შესაბამის ინფორმაციას გააცნობს საზოგადეობას", - წერია განცხადებაში.

ადგილობრივების თქმით, სტიქია ხეობაში არსებულმა ჰესმა გამოიწვია. კომპანია "სვანეთი ჰიდროს" ტექნიკური დირექტორი ლუკა ჩაჩიბაია კი განმარტავს, რომ წყალი "სვანეთი ჰიდროს" შენობებისგან მოშორებით დაგუბდა და გუშინდელი სტიქია ჰესის მშენებლობას არ უკავშირდება. 

ტეგები