ანრი ოხანაშვილი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მაქსიმალურად ტრანსპარენტული იქნება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში
ამობეჭდვა · 26 / 07 / 2019 15:08
ანრი ოხანაშვილი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მაქსიმალურად ტრანსპარენტული იქნება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, დავით ასათიანს და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს,რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი გაიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებულ პროცედურებზე.

„ჩვენ, მმართველმა გუნდმა უზრუნველვყავით, პირველ რიგში ის, რომ დაგვეწერა კონკრეტული დეტალური პროცედურა, რომელსაც უნდა უზრუნველეყო პროცესის გამჭირვალედ, ხანგრძლივად წარმართვა და მთელი საზოგადოება ხედავს, როგორ გახსნილად მიმდინარეობს ეს პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ასევე გამჭვირვალე, მაქსიმალურად ტრანსპარენტული იქნება ეს პროცესი საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ჩართულობასთან დაკავშირებული საკითხების განსაზღვრა.

„ჩვენი ამოცანაა, რომ საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდეს თვალყური ადევნოს პირდაპირი რეჟიმში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს პროცესი იყოს ჩართულობითი იმ სუბიექტების მონაწილეობით, ვისაც აქვს პროფესიული ინტერესი. შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი, რომელიც ჩემი ინიციატივით შედგა, გახლდათ ის, რომ გაგვეცვალა პოზიციები როგორ წარმოგვიდგენია მათი ჩართულობა ამ პროცესში, რომ პროცესი იყოს ინკლუზიური, პროცესი იყოს გამჭვირვალე და შედეგად, ჩვენ საუკეთესო კანდიდატები შევარჩიოთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ტეგები