ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ ავჭალაში ჩატარდება
ამობეჭდვა · 27 / 07 / 2019 14:33
ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ ავჭალაში ჩატარდება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ავჭალაში, ლიბანის ქუჩა N17–ში დაგეგმილია ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“. 

ღონისძიება 28 ივლისს, 18:00 საათზე დაიწყება და  მის ფარგლებში, გაიმართება საბავშვო–გასართობი აქტივობა, აგრეთვე ტურნირები სპორტის შემდეგ სახეობებში: კალათბურთი, მკლავჭიდი, ჭადრაკი, ტანვარჯიში, მაგიდის ჩოგბურთი, ფარიკაობა, ბატუტი. სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღების საშუალება აქვთ, როგორც პროფესიონალ, ასევე, მოყვარულ სპორტსმენებს. მინი ჩემპიონატებში გამარჯვებულ მონაწილეებს კი სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.

მრავალფეროვანი საბავშვო პროგრამის ფარგლებში, პატარებისთვის განხორციელდება სხვადასხვა თამაში, შეჯიბრი და შოუ პროგრამა. ბავშვების განწყობაზე იზრუნებენ ანიმატორები, ზღაპრის გმირები და ილუზიონისტი. მსურველებს ექნებათ საბავშვო კინოჩვენებაზე დასწრების საშუალება, საღამოს კი სალიოს კონცერტი და დიჯეი დაასრულებს. 

პროექტს „თბილისის ცის ქვეშ“ წელს დედაქალაქის მერია VTB ბანკთან ერთად ატარებს და მის ფარგლებში, თბილისის უბნებში, ყოველკვირეულად, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო აქტივობა ტარდება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.