საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე 31 აგვისტოს გამოვლინდება
ამობეჭდვა · 29 / 07 / 2019 16:09
საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე 31 აგვისტოს გამოვლინდება

საქართველოს კანდიდატი ფილმი ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის 31 ივლისს, 15:00 საათზე, ეროვნული არქივის კინოდარბაზში გამოვლინდება.

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი ხუთი ქართული ფილმია წარდგენილი:

ნინო ჟვანიას „აღლუმი“

მარი გულბიანის დოკუმენტური ფილმი „სანამ მამა დაბრუნდება“,

დიმიტრი ცინცაძის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“,

გიგიშა აბაშიძის „მეზობლები“,

დიმიტრი ცინცაძის „შინდისი“.

გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე ფილმების ნახვის შემდეგ მიიღებს. კომისიის წევრები არიან: ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის წარმომადგენელი ნინო ანჯაფარიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი ნანა დოლიძე, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი გიორგი ხარებავა, პროდიუსერი სულხან თურმანიძე, რეჟისორი ზურაბ ინაშვილი, დამდგმელი მხატვარი ანკა კალატოზიშვილი, კინოკრიტიკოსი სალომე კიკალეიშვილი, რეჟისორი გიორგი მასხარაშვილი, კინოკრიტიკოსი არჩილ შუბაშვილი, რეჟისორი თემურ ჩხეიძე, მსახიობი ნატა მურვანიძე. გამარჯვებული ფილმი ოსკარის კამპანიაში ჩაერთვება და ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს.