საქართველოს მონეტარულ ხელისუფლებას აქვს ყველა ბერკეტი, რათა უზრუნველყოს ფინანსური სტაბილურობა
ამობეჭდვა · 30 / 07 / 2019 21:06
საქართველოს მონეტარულ ხელისუფლებას აქვს ყველა ბერკეტი, რათა უზრუნველყოს ფინანსური სტაბილურობა

საგარეო შოკი საქართველოს საგადასახდელო ბალანსსა და შესაბამისად ლარის კურსზე ნეგატიურად აისახა, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, სავაჭრო დეფიციტი საქართველოს ეკონომიკის მემკვიდრეობითი პრობლემაა, რომელიც, თავის მხრივ, საგადასახდელო ბალანსის დეფიციტის გენერირებას ახდენს. აღნიშნული დეფიციტი ტურიზმიდან და უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისგან გადმორიცხული ფულადი გზავნილებით (რემიტენსებით) ბალანსდება.

„გასულ წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 3.2 მლრდ დოლარს გადააჭარბა, საიდანაც 650 მილიონი ევრო - რუს ტურისტებზე მოდიოდა. საავიაციო ემბარგოს დაწესება და რუსეთიდან ტურისტების ნაკადის მკვეთრი შემცირება საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახა. უფრო მეტიც, როგორც ჩემთვის ცნობილია, ტურისტების რიცხვი არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ დსთ-ის სხვა ქვეყნებიდანაც შემცირდა“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, თვის ბოლოსთვის ასევე დამახასიათებელია კონტრაგენტების მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვები საკუთარი ვალდებულებების დასაფარად, რამაც, ასევე შესაძლოა, გაზარდა უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა.

„ჩვენ გვაქვს მცურავი სავალუტო კურსი, რომელიც ასრულებს ამორტიზატორის ფუნქციას და შთანთქავს საგარეო შოკებისგან გამოწვეულ შედეგებს. თუ ლარის გაუფასურება ინფლაციაზე აისახება, ეროვნული ბანკი ვალდებულია, ჩაერიოს და მას აქვს ინსტრუმენტები ინფლაციის დასათრგუნად, მათ შორის, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის აწევის, სავალუტო ინტერვენციებისა თუ სხვა ღონისძიებების მეშვეობით. ის დამოუკიდებელი სტრუქტურაა, რომლის დამოუკიდებლობა გარანტირებულია კონსტიტუციით, შესაბამისად, ამ ღონისძიებებს გამოიყენებს მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვლის. საქართველოს მონეტარულ ხელისუფლებას, ეროვნულ ბანკს აქვს ყველა ბერკეტი, რათა უზრუნველყოს ფინანსური სტაბილურობა“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

ამავე დროს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეროვნულ ბანკს ბიზნესსა და მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციისა და „ვერბალური ინტერვენციებისკენ“ მოუწოდა.

ტეგები