გლდანის განახლებული პარკი 2 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნება
ამობეჭდვა · 01 / 08 / 2019 19:20
გლდანის განახლებული პარკი 2 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნება

თბილისის მერიის ინფორმაციით გლდანის განახლებული პარკი 2 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნება.

პარკის გახსნასთან დაკავშირებით, 18:00 საათიდან დაიწყება საბავშვო პროგრამა, ხოლო 20:00 საათიდან კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის წარმომადგენლები. როგორც საბავშვო პროგრამაში ჩართვა, ისე კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

ახლადრეაბილიტირებული პარკი გლდანის მე-6 მიკრორაიონის N7 და N20 კორპუსებს შორის მდებარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგა ამფითეატრი, ფანჩატურები და შადრევანი; განახლდა საპარკე ავეჯი; მოეწყო კალათბურთის მოედნის საფარი და ტრიბუნა; რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ატრაქციონებს; განახლდა ძაღლების სასეირნო სივრცე; აღდგა დაზიანებული ასფალტის საფარი და გადასასვლელი ხიდი; მოეწყო ველობილიკი, ასევე, განახლდა გარეგანათების და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.