მოსკოვში აქციაზე შვილთან ერთად გასული წყვილისთვის მშობლის უფლებების ჩამორთმევა უნდათ
ამობეჭდვა · 06 / 08 / 2019 19:45
მოსკოვში აქციაზე შვილთან ერთად გასული წყვილისთვის მშობლის უფლებების ჩამორთმევა უნდათ

მოსკოვის პროკურატურამ მცირეწლოვან შვილთან ერთად მიტინგზე მისული წყვილისთვის მშობლის უფლებების ჩამორთმევა მოითხოვა.

"მოსკოვის პროკურატურამ მიმდინარე წლის 27 ივლისსა და 3 აგვისტოს უნებართვო მასობრივ საზოგადოებრივ ღონისძიებებში მცირეწლოვანი და არასრულწლოვანი პირების მონაწილეობის ფაქტებზე შემოწმება ჩაატარა," - ვკითხულობთ მოსკოვის პროკურატურის ვებგვერდზე.

გაირკვა, რომ 2019 წლის 27 ივლისს წყვილმა მცირეწლოვან შვილთან ერთად "უნებართვო აქციაში უკანონო მონაწილეობა მიიღო". განცხადებაში მშობლების ვინაობა მითითებული არ არის.

"აქციის დროს მშობლებმა მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ასაკის გამო უმწეოა, მესამე პირს გადასცეს, რამაც ბიჭის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა და მას ფიზიკური და მორალურ ზიანი მიაყენა. ამრიგად, მეუღლეებმა ბავშვის ინტერესის საზიანოდ ბოროტად გამოიყენეს მათი მშობლის უფლებები," - აღნიშნულია განცხადებაში.

მოსკოვის პროკურატურა წერს, რომ მცირეწლოვანი ბიჭის მამას მოსკოვის 2019 წლის სექტემბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება არ ჰქონდა, რადგან დედაქალაქში მას მხოლოდ დროებითი რეგისტრაცია აქვს.

განცხადებაში ისიც აღნიშნეს, რომ ამჟამად სხვა პირების მიმართ, რომლებმაც ზემოთაღნიშნულ უნებართვო აქციაში მცირეწლოვან ბავშვებთან ან არასრულწლოვანებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა, შემოწმება გრძელდება. პროკურატურამ აღნიშნული განცხადება სასამართლოს წარუდგინა.

დამოუკიდებელი კანდიდატები მოსკოვში 14 ივლისიდან საპროტესტო აქციებს მართავენ, რადგან ისინი მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე დაუშვან. მოსკოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისთან გამართული აქციის შემდეგ საგამოძიებო კომიტეტმა საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით გამოძიება დაიწყო.

27 ივლისს აქცია მოსკოვის მერიასთან გაიმართა, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ იყო. ის პოლიციამ და რუსეთის გვარდიამ ძალადობრივად დაშალა. საერთო ჯამში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა 1 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკოსები და ჟურნალისტები. 27 ივლისის აქციაზე პროკურატურამ საქმე პოლიციელებისადმი ძალის გამოყენების მუხლით აღიძრა. ამ დროის მონაცემებით, გამამტყუნებელი განაჩენი აქციის 5 მონაწილის მიმართაა გამოტანილი.

მოსკოვის პროკურატურამ 3 აგვისტოს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები გააფრთხილა და მათ მოუწოდა, რომ კანონის დარღვევა დაუშვებელია. პოლიციამ 3 აგვისტოს აქციაც ძალადობრივად დაშალა. ODV-ის მონაცემებით 1002 პირი დააკავეს.

tabula.ge

ტეგები