არჩილ თალაკვაძე: ჩვენ პარლამენტში გავაგრძელებთ პოლიტიკურ დისკუსიას და დებატებს, სადაც პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას გექნებათ საშუალება პროცესს თვალი ადევნოთ
ამობეჭდვა · 06 / 08 / 2019 22:26
არჩილ თალაკვაძე:  ჩვენ პარლამენტში გავაგრძელებთ პოლიტიკურ დისკუსიას და დებატებს, სადაც პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებას და  მედიას გექნებათ საშუალება პროცესს თვალი ადევნოთ

„განვიხილეთ ეუთოს რეკომენდაციების ფარგლებში მომზადებული ცვლილებები, რომელიც ეხება საარჩევნო კანონმდებლობას და წარვადგინეთ ის საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმადაც არჩევნები 2020 წელს პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით ჩატარდება. ცვლილებების განხილვა საშემოდგომო სესიაზე მოხდება“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის ორდღიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე გამართულ კონსულტაციებს დადებითად აფასებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური კონსულტაციების მესამე რაუნდი ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების ფართო ჩართულობით წარიმართა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ განმარტა ყველა ის სიახლე, რაზეც სამუშაო ჯგუფმა ორი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში იმსჯელა.

„მე ჩამოვთვლი იმ ძირითად სიახლეებს, რომლებიც პოლიტიკური კონსულტაციების მესამე რაუნდის შედეგად გვაქვს სახეზე. პროპორციული არჩევნები ჩატარდება 2020 წელს ნულოვანი ბარიერით. შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა უფრო სამართლიანი, მარტივი და გამჭვირვალე მოდელით ისე, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც ბუნებრივ ბარიერს, გადალახავს და შევა პარლამენტში, მიიღებს დაფინანსებას ამომრჩეველთა ხმების მიხედვით. ასევე, უფრო სამართლიანი და გამჭვირვალე წესით იცვლება უფასო საეთერო დროის განაწილება პარტიებზე“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით პოლიტიკური დისკუსია და დებატები გაგრძელდება და პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე შეჯერებულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.​

ტეგები