რუსეთის საგარეო უწყება: საქართველოსა და დასავლეთში 2008 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან გაკვეთილი ვერ გამოიტანეს
ამობეჭდვა · 09 / 08 / 2019 12:02
რუსეთის საგარეო უწყება: საქართველოსა და დასავლეთში 2008 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან გაკვეთილი ვერ გამოიტანეს

ცხინვალის მიმართ აგრესია არ იყო ვინმეს მიერ პროვოცირებული, რაც მოგვიანებით, 2009 წლის შემოდგომაზე ტალიავინის საერთაშორისო კომისიამ ოფიციალურად დაადასტურა, - ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავს.

„ჩვენ გვახსოვს ის ტრაგიკული მოვლენები, რომლებიც 11 წლის წინ განვითარდა. 2008 წლის 8 აგვისტოს ღამით მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ უხეშარდ დაარღვია საერთაშორისო შეთანხმება კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ქართული არმია უტევდა როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე საცხოვრებელ სახლებს, ცხინვალი მასირებული საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა. რუსი მშვიდობისმყოფელების ბანაკის შტურმის შედეგად დაიღუპა 10 ადამიანი. საერთო ჯამში კი დაიღუპა 48 და დაიჭრა 162 სამხედრო მოსამსახურე.

ცხინვალის მიმართ აგრესია არ იყო ვინმეს მიერ პროვოცირებული, რაც მოგვიანებით, 2009 წლის შემოდგომაზე ტალიავინის საერთაშორისო კომისიამ ოფიციალურად დაადასტურა. სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა, ისევე როგორც აფხაზეთის წინააღმდეგ ანალოგიური ქმედებებისთვის მომზადება თბილისის მრავალწლიანი ძალადობრივი პოლიტიკის კულმინაცია გახდა და არ დაუტოვა ამ ხალხებს სხვა არჩევანი, გარდა თვითგამორკვევის გზით უსაფრთხოებისა და არსებობის უფლების უზრუნველყოფა. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა გაეროს წესდების დებულებებზე, 1970 წლის გაეროს დეკლარაციაზე და სხვა საერთაშორისო დოკუმენტებზე დაყრდნობით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

სამწუხაროა, რომ ვერც საქართველოში და ვერც დასავლეთში 2008 წლის ტრაგიკულ მოვლენებიდან გაკვეთილი ვერ გამოიტანეს. სუვერენულ სახელმწიფოებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბების ნაცვლად ოფიციალური თბილისი და მის უკან მდგომი დასავლური ქვეყნები აგრძელებენ ანტირუსული ისტერიის გაღვივებას, რეგიონის მილიტარიზაციას ახორციელებენ და საქართველოს ნატოსკენ ექაჩებიან. ეს ყველაფერი არის ჩიხი, რომელიც არასდროს მიიყვანს რეგიონს მშვიბოდის, სტაბილურობის და უსაფრთხოებისკენ“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ-დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ია. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.

imedinews.ge

ტეგები