თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგებაზე 60-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა
ამობეჭდვა · 09 / 08 / 2019 13:01
თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგებაზე 60-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგების მომსახურების შეძენაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 14 აგვისტოს დაიწყება და 16 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება მარჯვენა სანაპიროსთვის 17 002 058 ლარია, მარცხენა სანაპიროს შემთხვევაში კი, 43 265 221 ლარი.

სატენდერო პირობების მიხედვით, მიწოდების ვადად 2019 წლის 16 სექტემბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდია განსაზღვრული.

ტენდერის პირობებში აღნიშნულია, რომ საკვები პროდუქტის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანაში არსებულ სტანდარტებსა და „ტექნიკური დავალებაში“ გაწერილ ტექნიკურ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს; ხორცის პროდუქტები (საქონლის ხორცი და ქათამი) უნდა იყოს არაგაყინული, ყოველ შეტანილ პროდუქციას უნდა ახლდეს ვეტერინარული მოწმობები (ფორმა N2). პროდუქციის უვნებლობა და ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.

პრეტენდენტს 2016 წლის 1 იანვრიდან უნდა გააჩნდეს საკვები პროდუქტების მიწოდების არანაკლებ 10 000 000 ლარის ღირებულების გამოცდილება. უნდა ჰქონდეს საერთაშორისო ISO 9001:2008 ან ISO 9001:2015 ან ISO 22000 (სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის) მოქმედი სერტიფიკატი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტით მომმარაგებელ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა. მერის მოადგილის განცხადებით, კომპანია ბაღებს უხარისხო საკვებს და თანაც, დაგვიანებით აწვდიდა.
 

ტეგები