მამუკა ბახტაძე: სულ უფრო ვუახლოვდებით პრინციპს - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში
ამობეჭდვა · 09 / 08 / 2019 13:29
მამუკა ბახტაძე: სულ უფრო ვუახლოვდებით პრინციპს - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში

ასეთი სწავლებები კიდევ უფრო რეალურს ხდის საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და სულ უფრო ვუახლოვდებით პრინციპს, რომელიც დავისახეთ, რომ მეტი ნატო ვიხილოთ საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „მტკიცე სული/Agile Spirit 2019“-ის დახურვის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველმა ჯარისკაცებმა შესაბამისი პარტნიორობა გაუწიეს თავიანთ კოლეგებს. მიიღეს სათანადო გამოცდილება და მზად არიან მრავალეროვნულ გარემოში ოპერატიული შესაძლებლობების გამოვლენისთვის.

„11 წელი გავიდა უმძიმესი ტრაგედიიდან, როდესაც რუსეთის ფედერაციამ მოახდინა საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია. ეს არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. მეგობრებო, ჩვენი პასუხი ამ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევაზე არის მხოლოდ მშვიდობა და საქართველოს განვითარება. ქართველმა ერმა გააკეთა თავისი ცივილიზაციური არჩევანი, რომელიც გულისხმობს საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ეს არის საქართველოს სუვერენული, ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანი და ის არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ. ამ სწავლებამ ხელი შეუწყო საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის კიდევ უფრო გაძლიერებას და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

ტეგები