აქ ნამდვილად არის დანაშაულის ნიშნები - პაატა სალია პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიას ბრალის წარდგენაზე
ამობეჭდვა · 09 / 08 / 2019 15:25
აქ ნამდვილად არის დანაშაულის ნიშნები - პაატა სალია პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიას ბრალის წარდგენაზე

"რუსთავი 2"-ის გენდირექტორი, პაატა სალია პროკურატურის მეირ ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორისთვის, ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას ეხმაურება და აცხადებს, რომ თავიდანვე შენიშნა, კომპანიაში ისე არ იყო საქმე, როგორც უნდა ყოფილიყო.

„გარკვეულ საკითხებში თავიდანვე შევნიშნე, რომ კომპანიაში ისე არ იყო საქმე, როგორც უნდა ყოფილიყო, მენეჯმენტს ისე არ მიყავდა კომპანიის საქმიანობა, როგორც უნდა მიყავდეს კეთილსინდისიერ მენეჯერს. შესაბამისად, ვალდებული ვიყავი, კანონმდებლობიდან გამომდინარე, როგორც ახალი დირექტორი, მეცნობებინა ამის თაობაზე შესაბამისი ორგანოებისათვის. რაც შეეხება განცხადებაში მითითებულ ციფრებს, ფაქტებს და ა.შ. გარკვეული ფაქტები ჩემთვისაც ცნობილი იყო, იგივე ბინებთან დაკავშირებით და ა.შ. ეს საჯარო რეესტრის მონაცემებით, აშკარად ჩანს“, – განაცხადა პაატა სალიამ.

მისი თქმით, გამოძიების მიხედვით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი თანხები აკუმულირდებოდა სხვა კომპანიაში, შემდგომ ამ კომპანიის მიერ ხდებოდა უძრავი ქონების შეძენა, რომელიც გადაეცემოდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ დირექტორს, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ კომპანიის ინტერესების საზიანო გარიგება არის დადებული.

„შესაბამისად, კვალიფიკაციას და საბოლოოდ დამნაშავეა, თუ არა კონკრეტული პირი, ამას დაადგენს სასამართლო. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ აქ არის დანაშაულის ნიშნები. დანარჩენზე ალბათ, ნიკა გვარამიაც გააკეთებს ახსნა-განმარტებას და საბოლოოდ, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია, პირი იქნება თუ არა მიჩნეული ბრალეულად. ფაქტია, რომ „ინტერმედიას“ საკუთრებაში ჰქონდა უძრავი ქონება, რომელიც გადაცემულია სხვა პირისთვის“, – აღნიშნა პაატა სალიამ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას დღეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ.

ტეგები