ხვალ ნიკა გვარამიას ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
ამობეჭდვა · 11 / 08 / 2019 22:42
ხვალ ნიკა გვარამიას ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ნიკა გვარამიას ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით, ხვალ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

მოსამართლის 8 გვერდიანი განჩინება დიმიტრი საძაგლიშვილმა დღეს ჩაიბარა. დოკუმენტში მოსამართლე, გიორგი კერატიშვილი იმ არგუმენტებს წარადგენს, რის საფუძველზეც ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიებად 40 000 ლარის გირაოს უფარდებს. კერატიშვილი გადაწყვეტილებას იმით ასაბუთებს, რომ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა შესაძლოა, მოწმეებზე ზეგავლენა მოახდინოს.

დოკუმენტი რომ მხოლოდ ფორმალობაა, ზუსტად იცის გვარამიას უფლებადამცველმა. დიმიტრი საძაგლიშვილი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ნიკა გვარამია გირაოს გადახდას საერთოდ არ აპირებს.

ნიკა გვარამიას ბრალი პროკურატურამ ისე წარუდგინა, რომ მას საქმის მასალები შესწავლილი არც კი ჰქონია. ამასთან, დაცვის მხარეს დოკუმენტები კანონდარღვევით გადაეცა. დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მისთვის გადაცემული მასალები 25 ყუთში ისე ჩაყარეს, რომ არც დაუნომრავთ და არც აღურიცხავთ.

გუშინ, თითქმის 6 საათიანი სასამართლო პროცესი ღამის ორი საათისთვის დასრულდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა, ნაწილობრივ დააკმაყოფილა და "რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს 80 ათასის ნაცვლად, 40 ათას ლარიანი გირაო დააკისრა.

პროკურატურამ პროცესზე გირაოს შუამდგომლობა ორი არგუმენტით ახსნა. პირველი, რომ გვარამია შესაძლოა ქვეყნიდან მიმალულიყო და მეორე - იგი მოწმეებზე მოახდენდა ზეგავლენას.

თავისუფლება ან პატიმრობა - ნიკა გვარამია გირაოს გადახდაზე პრინციპულ უარს ამბობს. „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ამბობს, რომ საქმე აბსურდულია და ნათლად ჩანს მისი დამკვეთი.

ქვეყანაში რეპრესიების დაწყებას და გვარამიას განეიტრალების მცდელობას უწოდებენ განვითარებულ მოვლენებს ხელისუფლების ოპონენტები. პოლიტიკოსები „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას, ბიძინა ივანიშვილს და გვარამიას მიერ დაანონსებულ ახალ არხს უკავშირებენ.

უცხოელი ანალიტიკოსები ნიკა გვარამიასა და "რუსთავი2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მცდელობად აფასებენ.