ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის დელეგაციას შეხვდნენ
ამობეჭდვა · 13 / 08 / 2019 12:28
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აშშ-ის კონგრესის  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის დელეგაციას შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირინე ფრუიძემ აშშ-ის კონგრესის (წარმომადგენელთა პალატის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის დელეგაციასთან გამართეს შეხვედრა.



შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად, საქართველოში არსებულ ვითარებას და ორი ქვეყნის ურთიერთობის ცალკეულ ასპექტებს დაეთმო.



„საუბრის ძირითადი თემა იყო საქართველოში არსებული მდგომარეობის მიმოხილვა, მათ შორის, სამართლებრივი კუთხით. ყურადღება დაეთმო როგორც პარლამენტის როლის ანალიზს, ასევე ეკონომიკური სიტუაციის და მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების ანალიზს, მომავალი არჩევნებისათვის მზადყოფნის საკითხებს. ზოგადად, მიმოვიხილეთ საზოგადოებაში არსებული ტენდენციები“, - განაცხადა რომან კაკულიამ შეხვედრის შემდეგ.



დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის თქმით, ყურადღება ასევე დაეთმო ამერიკასთან ურთიერთობის პრიორიტეტებს, სამომავლო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პერსპექტივებს.



„შევეცადეთ ჩვენი კოლეგებისთვის დაგვენახებინა, თუ რა მიზანს ისახავს საარჩევნო სისტემის ცვლილება, თუ რა კუთხით უწყობს ის დემოკრატიული პროცესების განვითარებას ხელს, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ვისაუბრეთ ასევე რუსეთისგან მომავალი საფრთხეების მიმართ შემდგომი ერთობლივი, ამერიკასთან ერთად რეაგირების ძირითად პრინციპებზე და ქვეყნის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე“, - განაცხადა რომან კაკულიამ.