ქობულეთში, ზღვაში ძაღლის გადარჩენის დროს დაღუპულ კაცს ძეგლს დაუდგამენ
ამობეჭდვა · 13 / 08 / 2019 13:06
ქობულეთში, ზღვაში ძაღლის გადარჩენის დროს დაღუპულ კაცს ძეგლს დაუდგამენ

ქობულეთში, შტორმის დროს ზღვაში ძაღლების გადასარჩენად შესულ და დაღუპულ ავთანდილ ცხვედიანს ძეგლს დაუდგამენ. „ტვ 25“-ის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია მხარს უჭერს სოციალურ ქსელში ამ მოთხოვნით დაწყებულ კამპანიას.

„არა მხოლოდ მივესალმებით, არამედ მზად ვართ ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდით ამ იდეის/სურვილის განხორციელებას. უკვე დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა და ვცდილობთ კომუნიკაცია დავამყაროთ უშუალოდ, როგორც პეტიციის ინიციატორთან, ასევე ძეგლის/მემორიალის მოქანდაკესთან. ჩვენი სურვილია აღნიშნული იდეა მივიყვანოთ ბოლომდე. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასეთი ჰუმანური შემთხვევები არ რჩება დაუფასებელი“, – განაცხადეს ქობულეთის მერიაში.


51 წლის ავთანდილ ცხვედიანი ზღვაში 5 აგვისტოს დაიხრჩო. მისი მეგობრების ინფორმაციით, შტორმის დროს მან ერთი ძაღლის გადარჩენა მოასწრო, მეორესთან ერთად კი დაიღუპა.