"რუსთავი2"-ის ყიდვის სურვილი ღიად პრორუსული “საქინფორმის” რედაქტორს აქვს
ამობეჭდვა · 15 / 08 / 2019 19:05
"რუსთავი2"-ის ყიდვის სურვილი ღიად პრორუსული “საქინფორმის” რედაქტორს აქვს

ღიად პრორუსული მედიასაშუალება “საქინფორმის” რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ყიდვის სურვილი აქვს. ამის შესახებ ხიდირბეგიშვილი თავისი გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში წერს.

ჰომოფობიური და ანტიდასავლური გზავნილებით გაჯერებულ მიმართვაში არნო ხიდირბეგიშვილი წერს, რომ “რუსთავი 2-ის ლიკვიდაცია იმ სახით, რომლითაც ის დღემდე არსებობდა – საქართველოს ცხოვრებაში ეპოქალური მოვლენაა, რომლის შედარებაც მხოლოდ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთანაა შესაძლებელი”.

“ამით, დასავლეთის კონკრეტულმა ძალებმა – კერძოდ, ცნობილმა ამერიკულ და ბრიტანულმა ფონდებმა, ჯორჯ სოროსმა და სპეცსამსახურებმა – დაკარგეს საქართველოში “ფერადი რევოლუციების”, ანუ სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობის ძირითადი ინსტრუმენტი, რადგან “რუსთავი 2-ის” რუპორისა და ტრიბუნის გარეშე ისინი არაფერს წარმოადგენენ (ასევე კარგავენ ანტირუსული პროპაგანდისთვის გამოყოფილი მრავალმილიონიანი გრანტების „გასათეთრებელ“ გამართულად მომუშავე მანქანას)”, – წერს ხიდირბეგიშვილი.

“საქინფორმის” რედაქტორი იმ გეგმის შესახებ წერს, თუ როგორ აპირებს ტელეკომპანიის შესაძენად საჭირო ფინანსების მოძიებას:

“ამ შემთხვევაში ტელეკომპანიის დავალიანებას – 23 მილიონი აშშ დოლარი, ასევე, გონივრული თანხა ქიბარ ხალვაშისთვის, ჩვენ მიერ გადახდილი იქნება ერთი კვირის განმავლობაში. თანხის დიდ ნაწილს მივიღებთ ტელეკომპანიის საკუთრებაში არსებული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის რეალიზაციით (მის: სანდრო ეულის ქუჩა №5 ა). ამ განსაკუთრებით საშიში ვირუსებით დაინფიცირებულ ობიექტს შეიძენს ლუგარის ლაბორატორია.”

“საქინფორმი” გამოირჩევა პრორუსული საინფორმაციო პოლიტიკით, რომელიც გაჯერებულია ჰომოფობიური და ქსენოფობიური გზავნილებით, ასევე სიძულვილის შემცველი განცხადებებითა და ცრუ ინფორმაციით. ამის შესახებ საუბარია არაერთ კვლევასა და მიმოხილვაში, რომელსაც ამზადებენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიაკრიტიკის პლატფორმა “მედიაჩეკერი” და ასევე მედიის განვითარების ფონდი.

მაგალითად, როგორც მედიაჩეკერი წერს, 2018 წლის 12-13 მაისს, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით გამართულ აქციაზე “საქინფორმმა” გამოაქვეყნა სტატია, რომელიც გაჯერებულია ანტიდასავლური გზავნილებით, შეცდომაში შეჰყავს მკითხველი და ადამიანების გარკვეული ჯგუფების სტიგმატიზებას ახდენს. გარდა ამისა, სტატიაში მკითხველს აქციის ფოტოებსაც სთავაზობენ, თუმცა, ყველა ავთენტური არ არის. გამოყენებულია ისეთი ფოტოებიც, რომელსაც ამ აქციასთან კავშირი არ აქვს ჰომოფობიური განწყობების გაღვივებას ემსახურება.

მედიაჩეკერი ასევე წერს “საქინფორმის” თურქოფობიური, პრორუსული სტატიის შესახებაც, სადაც თურქეთი დამპყრობლად და რუსეთი „მხსნელად“ არის წარმოჩენილი.

ქიბარ ხალვაშმა ტელევიზიის მისთვის მიკუთვნებიდან 3 კვირაში, 12 აგვისტოს, გამოაცხადა, რომ ის რუსთავი 2-ს ყიდის.

netgazeti.ge

ტეგები