ბექა ოდიშარია სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა
ამობეჭდვა · 15 / 08 / 2019 19:52
ბექა ოდიშარია სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია, კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს.

კომიტეტის თავმჯდომარემ სამუშაო შეხვედრა გამართა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორთან ცირა ბარამიძესთან, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის „კავკასიის ქვეყნებთან სამეცნიერო თანამშრომლობის კომისიის“ თავმჯდომარესა და დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის დირექტორთან გივი ღამბაშიძესთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარ მრჩეველთან, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, კავკასიოლოგთან მექა ხანგოშვილთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო, რეგიონული უსაფრთხოების, სახალხო დიპლომატიის, კავკასიელ ხალხთა შორის ურთიერთობის ინტენსიფიკაციის საკითხებს.

ყურადღება გამახვილდა, ქვეყანაში კავკასიოლოგიის, როგორც პოლიტიკური მდგენელის მქონე სამეცნიერო დარგის მდგომარეობაზე, მისი განვითარებისათვის საჭირო პროექტებზე, ქართველოლოგიურ და კავკასიოლოგიურ ცენტრებთან, კავკასიელ ხალხებთან სამეცნიერო და კულტურულ–საგანმანათლებლო თანამშრომლობაზე.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს შეხვედრაზე მობრძანებისათვის და გამოთქვა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს საინტერესო პროექტების განხორციელებაში.

კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, მაღალი რანგის აკადემიური წრეების წარმომადგენლებით, დარგის ცნობილი მეცნიერ-კონსულტანტებით, მკვლევარებით და ექსპერტებით არის დაკომპლექტებული.

ტეგები