ფილმი აგვისტოს ომზე იმედის ფეისბუქიდან წაშალეს
ამობეჭდვა · 15 / 08 / 2019 22:02
ფილმი აგვისტოს ომზე იმედის ფეისბუქიდან წაშალეს

ფილმი აგვისტოს ომზე სახელწოდებით ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს იმედის ფეისბუქგვერდიდან წაიშალა. ამის შესახე მისამართი, რომელზეც ფილმი ამ დრომდე ხელმისაწვდომი იყო, აღარ არსებობს, ფილმი ამ დრომდე ხელმისაწვდომია იუთუბზე.

ნეტგაზეთის ცნობით, ფილმი იმედინიუსის მთავარი რედაქტორის თეონა გეგელიას ინიციატივით და არხის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით წაიშალა.

ტელეკომპანია იმედის ეთერში 11 აგვისტოს გავიდა ფილმი: "ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს", რომლის ავტორიც და მასზე მომუშავე გუნდიც მითითებული არ არის. მოგვიანებით არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა, რომ ფილმის პროდიუსერი თავად არის, ხოლო "ავტორი მერაბ მამარდაშვილია, რომელიც სიმართლის თქმისთვის ბულინგით მოკლეს". ლალიაშვილის კომენტარი ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა.

ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები სოციალურ ქსელში იდენტური შინაარსის ტექსტებს აქვეყნებენ, სადაც ნათქვამია, რომ ემინჯებიან აგვისტოს ომზე მომზადებული ფილმის "მთავარ ხაზს". საერთო განცხადებებები სოციალურ ქსელში აგვისტოს ომზე ფილმის ეთერში გასვლიდან მე-4 დღეს გავრცელდა. იქამდე ფილმი საზოგადოების ნაწილმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მკვეთრად გააკრიტიკეს.

პლატფორმა მედიაჩეკერმა ფილმს ვრცელი სტატია მიუძღვნა, სადაც წერია, რომ სიუჟეტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ნაციონალური მოძრაობისა და იმდროინდელი პრეზიდენტის ბრალეულობაზეა აგებული ისე, რომ განვითარებულ მოვლენებში რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი. აგვისტოს ომი წარმოჩენილია როგორც "მაშველი რგოლი" სააკაშვილისთვის, რამაც შესაძლებლობა მისცა "ოპოზიციის წნეხისგან" გათავისუფლებულიყო და დაებრუნებინა "დაკარგული ლეგიტიმაცია".

მედიაჩეკერის მასალაში ასევე ვკითხულობთ, ფილმში მოვლენების მსგავსი ცალმხრივი განხილვა, კონტექსტისა და ფაქტების არასწორად წარმოჩენა პირდაპირ იმეორებს აგვისტოს ომის შესახებ უკვე კარგად ცნობილი რუსული პროპაგანდის ნარატივს, ხელს უწყობს 2008 წლის მოვლენებში რუსეთის როლის გამოცლის პოლიტიკას და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაძლიერებას.

"მიუხედავად იმისა, რომ მთელი ფილმი პირადად სააკაშვილს და ზოგადად მის გარემოცვას სდებს ბრალს 2008 წლის ომის დაწყებაში, საერთოდ არ ჩანს მისი ან მისი გუნდის პოზიციის წარმოჩენის მცდელობა. მოვლენების შემფასებლად საუბრობენ მხოლოდ დავით უსუფაშვილი (შენების მოძრაობა), ირაკლი სესიაშვილი (ქართული ოცნება), რიჩარდ მაილსი (აშშ-ს ყოფილი ელჩი), გოგა ხაინდრავა (რეჟისორი), პაატა ზაქარეიშვილი (ანალიტიკოსი) და მამუკა არეშიძე (ანალიტიკოსი). არც ერთი რესპონდენტი არ არის წარმოდგენილი ფორმალური ბალანსისთვის მაინც. სიუჟეტი ცალმხრივად, მანიპულაციურად აჩვენებს განვითარებულ მოვლენებს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ფილმი შეიქმნა არა აგვისტოს ომის და მანამდე განვითარებული მოვლენების გამოსარკვევად, არამედ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, იმდროინდელი პრეზიდენტის ბრალეულობის წარმოსაჩენად", — წერს მედიაჩეკერი ფილმის შესახებ. 

On.ge 

ტეგები