ელიზაბეთ რუდი რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს
ამობეჭდვა · 16 / 08 / 2019 12:32
ელიზაბეთ რუდი რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი რუსეთს საქართველოს ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალების გაყვანისკენ და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

,,ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება შეწუხებულია იმით, რომ სოფელ გუგუტიანთკარში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ განაახლა ღობის გავლების სამუშაოები. რა თქმა უნდა, ეს უარყოფითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეაჩეროს ეს პროცესი, დაემორჩილოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები“, - აღნიშნა მან.

კითხვაზე, რამდენად ეფექტურია ხელისუფლების ქმედებები ამ საკითხთან დაკავშირებით, რუდმა განაცხადა, რომ საერთაშირისო პარტნიორები, მათ შორის აშშ და ჟენევის ფორმატის მონაწილეები აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში საქართველოს მთავრობასთან ერთად.

,,მე ყველას ვურჩევდი, კრიტიკის ნაცვლად გაერთიანდნენ ამ პრობლემის წინააღმდეგ და მის მოსაგვარებლად“, - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.