გურიაში, სოფელ ნიგვზიანში ავარიისას დაშავებული ორი ადამიანის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
ამობეჭდვა · 19 / 08 / 2019 10:51
გურიაში, სოფელ ნიგვზიანში ავარიისას დაშავებული ორი ადამიანის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

გურიაში, სოფელ ნიგვზიანთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 12 წლის მოზარდი ლანჩხუთის „მედალფას“ კლინიკიდან ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცნის ცენტრში, ხოლო 49 წლის ქალი კი, რეგიონალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, – ამის შესახებ შპს „მედალფას“ დირექტორმა, რევაზ კვერენჩხილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამ დაშავებულს მედიკოსებმა შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს და ისინი კლინიკიდან გაწერეს.

„ორი უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პაციენტი, მათ შორის,12 წლის მოზარდი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცნის ცენტრში, ხოლო 49 წლის ქალბატონი, რეგიონალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთს ჰქონდა ხელი მოტეხილი. ყველას აღმოვუჩინეთ დახმარება და გავწერეთ კლინიკიდან“, – განაცხადა შპს ,,მედალფას” ლანჩხუთის კლინიკის დირექტორმა, რევაზ კვერენჩხილაძემ.

რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ კიდევ სამ პირს, ისინი ფოთის ჰოსპიტალში იყვნენ მოთავსებული, თუმცა არსებული ინფორმაციით, პაციენტები სხვა კლინიკებში გადაიყვანეს.

ნიგვზიანთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა კი, დაშავდა.ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.