გუგუტიანთკარში, მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ 3 ოჯახს სახელმწიფო დაეხმარება
ამობეჭდვა · 19 / 08 / 2019 11:25
გუგუტიანთკარში, მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ 3 ოჯახს სახელმწიფო დაეხმარება

სოფელ გუგუტიანთკარში სამი ოჯახი, რომელთა სახლებიც უკანონოდ გავლებული მავთულხლართების მიღმა მოექცა, სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გივი რაზმაძისა და ლავრენტი გუგუტიშვილის ოჯახებში იმყოფებოდა. ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, საუბარია სოციალურ დახმარებასა და იმ სახლების დაკანონებაზე, რომლებშიც ოჯახები დღეს ცხოვრობენ. ასევე იმ შესაძლებლობაზე, რომ მათ საკუთარ სოფელში სამეურნეო მიწის ნაკვეთი ჰქონდეთ. აგრეთვე, ერთჯერადი სოციალური დახმარების სახით მათ ფულადი თანხა გადაეცემათ.

ოჯახების ჯანმრთელობის პრობლემების მქონე წევრებს კი სახელმწიფო წამლებით უზრუნველყოფს. მათ უფასოდ პროფესიული გადამზადებაც შესთავაზეს.

ამ დროისთვის გუგუტიანთკარში ვითარება უცვლელია. სოფელში ბორდერიზაციის პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია. ოსი და რუსი ე.წ. მესაზღვრეები ადგილზე აღარ გამოჩენილან. რკინის ბოძებზე ნაწილობრივ უკვე დამონტაჟებულია ხელოვნური ბარიერები. უსაფრთხოებიდან გამომდინარე ადგილზე იმყოფებოდნენ ქართველი სამართალდამცველები.

გუშინ დღის განმავლობაში სიტუაციას ისევ გაეცნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სოფელში თავს დაცულად ვერ გრძნობენ.

ოკუპანტებმა გუგუტიანთკართან მავთულხლართების მონტაჟი 14 აგვისტოს განაახლეს.

6 ქვეყნის ელჩები და დიპლომატიური კორპუსის 20-მდე წარმომადგენელი არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო. მანამდე კი საგარეო უწყებამ რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ უკანონო ქმედებები.