ბიძინა გეგიძის თქმით, მის მიმართ დაწყებული გამოძიება პოლიტიკურია
ამობეჭდვა · 19 / 08 / 2019 14:22
ბიძინა გეგიძის თქმით, მის მიმართ დაწყებული გამოძიება პოლიტიკურია

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის გამოკითხვას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მმართველი გუნდის დეპუტატმა თქვა, რომ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მან საკუთარი თანაგუნდელების კრიტიკა დაიწყო.

გეგიძემ ახსენა ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკშვილიც, რომელიც მისი მეგობარია და მიანიშნა, რომ გამოძიება კვირიკაშვილის გადაყენებიდან მალევე დაიწყო.

"ეს საკითხი ეხება ჩემს საქმიანობას, სანამ გავხდებოდი პარლამენტის წევრის. ეს არის საქართველოს ფოსტა - იქ მე ვიყავი დირექტორის მოადგილე აქედან გამომდინარე გამაჩნდა კონკრეტული პასუხისმგებლობები და ვახორციელებდი ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ჩემს საქმიანობას. ამის შემდეგ მე ვარ პოლიტიკოსი. გავხდი ვაკის მაჟორიტარი, შემდგომ ფრაქციის თავმჯდომარე და შემდგომ გავხდი პოლიტსაბჭოს წევრი პარტია “ქართული ოცნების“ და ამ რანგში ვიყავი ჩემს პოლიტიკურ პროცესში და არასოდეს ჩემი პრინციპებისთვის... გამოძიება, დაიწყო 2018 წლის ზაფხულში, ანუ მე შეგნებულად ჩამოვთვალე ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის ეტაპები, მაშინ, როდესაც საკმაოდ აქტიური ვიყავი ამ რეგალიებიდანგამომდინარე.

პარალელურად მოხდა ის, რომ გადადგა პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ჩემი მეგობარი, ეს ყველამ იცის, კვირიკაშვილი გადადგა ივნისის შუა რიცხვებში და გამოძიება დაიწყო 2 აგვისტოს, როგორც სუს-ი აცხადებს. მიუხედავად იმისა ვინ რას ფიქრობს, აქ არის პოლიტიკური ფაქტორი, მარტივად იმის გამო, რომ ვარ პოლიტიკოსი და ეს გამოძიება დაიწყო ჩემი აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის დროს და ლოგიკურია, რომ 2018 წლის ზაფხულში დაწყებული პროცესი უკავშირდებოდეს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას და მოიძებნა სამართლებრივად ჩემი სამსახურეობრივი თემა, კონკრეტულად რას ეხება, როდესაც მივალ სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოს ამის მერე შეიძლება უკვე ვისაუბრო" , - განაცხადა ბიძინა გეგიძე.