სასამართლომ 300 ლარით დამაჯარიმა, ჯარიმის გამო ჩემს ანგარიშებს ინკასო დაადეს — ჯაფარიძე
ამობეჭდვა · 20 / 08 / 2019 00:09
სასამართლომ 300 ლარით დამაჯარიმა, ჯარიმის გამო ჩემს ანგარიშებს ინკასო დაადეს — ჯაფარიძე

გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ მის წინააღმდეგ ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატების სარჩელი დააკმაყოფილა, მას 300-ლარიანი ჯარიმის გადახდა და იმედის ეთერში გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაავალა. ჯაფარიძის თქმით, ჯარიმის გამო მის ანგარიშებს ინკასო დაადეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, 2015 წელს იმედის ეთერში ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატებს ქართული ოცნების სატელიტი უწოდა. ორგანიზაციამ კი მას სასამართლოში უჩივლა.

"2015 წელს ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარადგინეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი თინათინ ნაბლოშვილი ქართული ოცნების აქტივისტი იყო, შემდეგ კი თბილისის საკრებულოში გავიდა ქართული ოცნების პარტიული სიით, სადაც მესამე ნომერი იყო. 2015 წელს, გვენეტაძის კანდიდატურის წარდგენის შემდეგ (რომელიც შემდგომში გახდა კიდეც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ოცნებისა და ივანიშვილის მხარდაჭერით), მე იმედის ეთერში ვთქვი, რომ ეს ორგანიზაცია არის ოცნების სატელიტი (ზუსტი ფორმულირება არ მახსოვს). ახალგაზრდა ადვოკატები წავიდნენ სასამართლოში და მიჩივლეს", — ამბობს ჯაფარიძე.

მისი თქმით, დავა საქალაქო სასამართლოში მოიგო, თუმცა, არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ორგანიზაციამ სააპელაციოში გაასაჩივრა.

"შესაბამისად, მეორე ინსტანციაში სხდომაზე არ ვყოფილვარ არც მე, არც ჩემი წარმომადგენელი, და ახლა, 2019 წელს, უკვე დაბერებული ადვოკატების სარჩელი დაუკმაყოფილებია მეორე ინსტანციის სასამართლოს", — აღნიშნავს ჯაფარიძე.

ჯაფარიძე ამბობს, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს. ასევე, არ აპირებს ინფორმაციის უარყოფას.

"იგივე თემაზე, იგივე ორგანიზაციას წაუგია იდენტური დავა თამარ ჩერგოლეიშვილთან. ანუ, ერთი და იგივე თემაზე, ერთი და იგივე ორგანიზაციის ორ იდენტურ სარჩელზე, ქართულმა სასამართლომ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანა", — წერს ჯაფარიძე.