ზაზა გაბუნია საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ოძისის მოსახლეობას შეხვდა
ამობეჭდვა · 20 / 08 / 2019 11:05
ზაზა გაბუნია საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ოძისის მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ოძისში იმყოფებოდა და მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრები გაიმართა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მჭადიჯვარსა და ხულოშიც.

მოსახლეობასთან შეხვედრაზე საუბარი მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს შეეხო და შესრულებული სამუშაოების შედეგები შეფასდა.

ოძისში, რამდენიმე თვის წინ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი გაიხსნა. სოფელში საბავშვო ბაღი ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. დასრულდა დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი. კეთილმოეწყო სოფელ ოძისის საჯარო სკოლაც. გასულ წელს, მჭადიჯვარში, სასმელი წყლის ჭაბურღილი მოეწყო და საუბნო ონკანები დამონტაჟდა. პროექტის განხორციელებით ადგილობრივებს წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ. ასევე, კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა სოფელში არსებულ ამბულატორიას. ქვემო შუახევში გარე განათებების მონტაჟი დასრულდა. უახლოეს პერიოდში დაიწყება სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზემო შუახევში.

შეხვედრებზე იმსჯელეს სოფლებში სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზე. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მთავარ საჭიროებებად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და წყალმომარაგების გაუმჯობესება დაასახელეს. მათ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მხარდაჭერის პირობა მიიღეს.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ტრიპოლსკიმ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ დუშეთის მერთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად.