რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის ერთი სოფელი მიიერთა
ამობეჭდვა · 20 / 08 / 2019 17:18
რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის ერთი სოფელი მიიერთა

რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის ერთი სოფელი მიიერთა. „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერის პაატა დავითაიას ინფორმაციით, სოფელი აიბღა, რომელიც გაგრის რაიონს ეკუთვნის რეესტრში დარეგისტრირდა, როგორც რუსეთის ტერიტორია. რუსეთის ინტერესს დავითაია სოფელში არსებული მარმარილოს საბადოებით ხსნის.

„2014 წელს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა შემოღობეს ეს მთა, რაც იყო განპირობებული იმით, თითქოს ოლიმპიადისთვის მიდიოდა მზადება და უსაფრთხოებისთვის სჭირდებოდა. მაშინ არაერთხელ გავაკეთე განცხადება და მოვუწოდე საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ ხდებოდა ამ მთის მითვისება, მხოლოდ იმ მიზნით, რომ აქ არის უნიკალური მარმარილოს საბადო.

ახლა კი რუსეთის ფედერაციის საჯარო რეესტრში გატარდა ეს ტერიტორია, როგორც რუსეთის შემადგენელი ნაწილი, კრასნოდარის მხარეში. ეს არის პირველი შემთხვევა, საქართველოს ტერიტორიის იურიდიული ანექსირების. მოვუწოდებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სასწრაფოდ რეჟიმში მოიწვიოს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, ჩვენი პარტნიორები ჩააყენონ საქმის კურსში იმიტომ, რომ დაირღვა გაეროს მიერ აღიარებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ტერიტორიის მითვისების იურიდიული ფაქტი დაფიქსირდა“, - ამბობს დავითაია.