არც ერთი წელი სიკვდილის შემთხვევათა გარეშე - Human Rights Watch-ი კვლევას აქვეყნებს
ამობეჭდვა · 22 / 08 / 2019 12:40
არც ერთი წელი სიკვდილის შემთხვევათა გარეშე - Human Rights Watch-ი კვლევას აქვეყნებს

Human Rights Watch- კვლევას აქვეყნებს, რომელიც მეშახტეთა და მაღაროელთა რთულ სამუშაო პირობებზე მიუთითებს და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

„კანონმდებლობა არასაკმარისად არეგულირებს სამუშაო საათებს, შესვენების დროს, ყოველკვირეულ დასვენებას და ღამის საათებში მუშაობას.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მაღაროებში დასაქმებულებმა Human Rights Watch-ს განუცხადეს, რომ ზოგიერთი მათგანი 12 საათიან რეჟიმში მუშაობს მიწის ქვეშ, მათ შორის ღამის ცვლაში, ზედიზედ 15 დღის განმავლობაში, რაც ხშირად იწვევს უკიდურეს გადაღლას და საწარმოო მიზნების შეუსრულებლობის გამო მათ ხელფასიც შეიძლება დაუქვითონ.

არასაკმარისი დასვენების პირობებში ხშირია ტრავმები. 15-დღიანი სამუშაო ცვლის დროს, მაღაროელებს კომპანიის საერთო საცხოვრებელში ყოფნა მოეთხოვებათ, ეს მოთხოვნა უხეში ჩარევაა როგრც მათი გადაადგილების თავისუფლებაში, აგრეთვე, მათ პირად ცხოვრებაში.

შპს „საქნახშირის“ მეშახტეების თქმით, ანაზღაურების სისტემა, რომელიც მოპოვებული ქვანახშირის რაოდენობას ეფუძნება, ისეთ საწარმოო მიზნებს აწესებდა, რომელთა უსაფრთხოდ მიღწევა შეუძლებელი იყო. ამასთან, თანამშრომლებს უბიძგებდა, უგულებელყოთ უსაფრთხოების ის ზომები, რომელთა დაცვა დიდ დროს მოითხოვდა.

Human Rights Watch-მა შეისწავლა დასაქმების სხვა პრაქტიკაც, რომელიც არღვევს შრომის უფლებებს. ეს არის მუშაობის ხანგრძლივი საათები, არასათანადო შესვენება და ყოველკვირეული დასვენების არარსებობა, აგრეთვე ზეგანაკვეთურად მუშაობის არასათანადო ანაზღაურება, წერილობითი ხელშეკრულებების არარსებობა და ხელფასების უსამართლოდ დაქვითვა“, - ნათქვამია კვლევაში.