„ასლან აბაშიძის უზენაესი საბჭოა ეს“ - დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს სხდომაზე
ამობეჭდვა · 22 / 08 / 2019 12:54
„ასლან აბაშიძის უზენაესი საბჭოა ეს“ - დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს სხდომაზე

ბათუმის საკრებულოში, შავი ზღვის სანაპიროზე მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობის საკითხს განიხილავენ. დეპუტატებმა ტერიტორიაზე, სადაც რივიერის პროექტი უნდა განხორციელდეს, განაშენიანების რეგულირების გეგმა დაამტკიცეს, რასაც მოქალაქეებისა და აქტივისტების პროტესტი მოყვა. ისინი მოსალოდნელ რისკებზე საუბრობენ. ამბობენ რომ რივიერას აშენება დანაშაულია, რადგან იქ სამ სართულზე მაღალი შენობის აშენებას კანონი კრძალავს.

„იცოდეთ, რაზე აწერთ ხელს. ყველა მოკვდებით“, „ასლან აბაშიძის უზენაესი საბჭოა ეს“, „კომკავშირული სხდომა დამთავრებულია“, „გვერდში დაგვიდექით“, „პარტიული მონება“, – ამ სიტყვებით მოქალაქეები საკრებულოს წევრებს მიმართავდნენ.

სხდომათა დარბაზიდან ერთი მოქალაქე დაცვის პოლიციამ გაიყვანა, დანარჩეენებმა კი პროტესტი გარეთ გააგრძელეს. შენობაში პოლიციაა მობილიზებული.

პოლიციას ამ წუთებშიც გადაკეტილი აქვს საკრებულოს სხდომათა დარბაზის შესასვლელი. სხდომათა დარბაზიდან პოლიციამ აღშფოთებული მოქალაქეები იძულების ფორმით გამოიყვანა.

ბათუმის მერიის შენობაში აღშფოთებული მოქალაქეები ამბობენ, რომ პროტესტს რადიკალური ფორმებით გააგრძელებენ და რივიერაზე მშენებლობას ხელს შეუშლიან.