ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას 500 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და წინასწარი შეთანხმების გარეშე საზღვრის გადაკვეთა აეკრძალა
ამობეჭდვა · 22 / 08 / 2019 16:31
ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას 500 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და წინასწარი შეთანხმების გარეშე საზღვრის გადაკვეთა აეკრძალა

ყალბი აქტივების შექმნისა და მის გამოყენების ბრალდების საქმეზე, ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას აღკვეთი ღონისძიების სახით 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.

მოსამართლის მიერ, გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურატურამ სასამართლოს წინაშე ბრალდებულის მიმართ გირაოს ოდენოაზე ისაუბრა და განმარტა, რომ აღნიშნული თანხა არის შემაკავებელი ბარიერი, რომ არ მოხდეს მოწმეზე ზემოქმედება, მტკიცებულებების განადგურება ან მიმალვა.

მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა გაითვალისწინა და გირაოსთან ერთად ლაურა ღაჭავას წინასწარი შეთანხმების გარეშე საზღვრის გადაკვეთაც შეეზღუდა.

ბრალდების პოზიციას არ იზიარებს დაცვის მხარე და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებას აპირებს. ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა თავს დამნაშავედ არ ცნობს.

დანაშაული ფულად ჯარიმას ან 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას ბრალი გუშინ წარუდგინეს. მას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებითი ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენებას ედავება.