„ფორსაჟის“ გადაღების დროს მანქანა თეატრალურ უნივერსიტეტში შევარდება
ამობეჭდვა · 22 / 08 / 2019 19:35
„ფორსაჟის“ გადაღების დროს მანქანა თეატრალურ უნივერსიტეტში შევარდება

„ფორსაჟი 9“-ის გადაღებების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. კერძოდ, „კომერსანტის“ წყაროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდება. ამჯერად საუბარია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე.
გაირკვა, რომ უნივერსიტეტში მოსამზადებელი სამუშაოები მართლაც მიმდინარეობს და ის სავარუდოდ “ფორსაჟის“ გადაღებებს უკავშირდება. შემოსაზღვრულია იმ ფასადის ნაწილიც, სადაც მანქანა უნდა შევარდეს. ასევე შენობაში დამონტაჟებულია გადაღებებისთვის საჭირო განათებები.

როგორც ცნობილია, არსებობდა ვერსია, რომ მანქანის შევარდნის სცენა სავარაუდოდ რუსთაველის გამზირზე მდებარე მაღაზია “პოლ & შარკში უნდა მომხდარიყო. თუმცა, წყარის ინფორმაციით, კომპანიასთან მოლაპარაკებების გაჭიანურების გამო Universal Pictures-მა საბოლოოდ გადაღების ლოკაცია შეცვალა და რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი შეირჩა.

„კომერსანტის“ ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე ერთ-ერთ ერთ მაღაზიაში ავტომობილით შევარდნის სცენა ამ ეტაპზე კვლავ ძალაშია, კონკრეტულად რომელ სავაჭრო ობიექტში, ამ ეტაპზე უცნობია, რადგან ფილმის გადამღებ ჯგუფთან დადებული გაუთქმელობის ხელშეკრულების გამო, დეტალებზე საუბრისგან ყველა თავს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე ჰოლივუდის ფილმის გადასაღები მოედანი რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებს.

„ფორსაჟი 9“-ის გადაღება თბილისში 19 აგვისტოს დაიწყო და 20 სექტემბრამდე გაგრძელდება. Universal Pictures-ი საქართველოში 10 წუთიან მონაკვეთს გადაიღებს.