ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია
ამობეჭდვა · 30 / 08 / 2019 11:14
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია, - ინფორმაციას ეროვნული გამოცდების ცენტრი ავრცელებს.

საბოლოო შედეგების სანახავად აბიტურიენტი სისტემაში უნდა შევიდეს პირადი ნომრითა და საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) კოდით.

სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი ნახავს ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და სახელმწიფო გრანტის მოპოვების თაობაზე, აგრეთვე „ნედლ“, გათანაბრებულ, სკალირებულ და მინიმალურ გამსვლელ ქულას თითოეულ საგანში.

განმარტების სახით განთავსებულია დეტალური ინფორმაცია აბიტურიენტის მიერ არჩეული თითოეული პროგრამისათვის საკონკურსო ქულის გამოთვლისა და მინიმალური გამსვლელი საკონკურსო ქულის შესახებ.

ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მოკლეტექსტური შეტყობინებითაც, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

იმ აბიტურიენტებმა, რომლებმაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, რეგისტრაციის გასავლელად უნდა მიმართონ უშუალოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

შეგახსენებთ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ დარეგისტრირებული იყო 41 000 აპლიკანტი. 

 

ტეგები