TBILISI PIANO FEST პირველ სექტემბერს ორბელიანის მოედანზე გაიხსნება
ამობეჭდვა · 30 / 08 / 2019 12:24
TBILISI PIANO FEST პირველ სექტემბერს ორბელიანის მოედანზე გაიხსნება

დედაქალაქის მერიისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში პირველი საფორტეპიანო ფესტივალი - TBILISI PIANO FEST ჩატარდება.

პირველიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ფესტივალს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე უმასპინძლებს. გახსნის ღონისძიება პირველ სექტემბერს,16:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება.

კონცერტზე დასწრება უფასოა და მას ცნობილი ესტონელ-ამერიკელი დირიჟორი კრისტიან იარვი წარუძღვება. სოლისტია დუდანა მაზმანიშვილი, რომელიც „ჯორჯიან სინფონიეტასთან“ ერთად, ბახის, ყანჩელისა და კრისტიან იარვის ნაწარმოებებს შეასრულებს. კონცერტში მონაწილეობას ასევე, მიიღებს ესტონელი DJ სანდერ მოელდერი. პირველ სექტემბერს, 20:00 საათზე კი მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის კარი იხსნება პირველი საფესტივალო საღამოსთვის, რომლის ფარგლებშიც, ნიუ იორკელი პიანისტი ჯეფრი სუონი ქართველ მსმენელს ვაგნერის შემოქმედებას გააცნობს.

TBILISI PIANO FEST-ის ფარგლებში, მსმენელის წინაშე მსოფლიო მნიშვნელობის მქონე პიანისტები წარსდგებიან. სპეციალურად ფესტივალისთვის ფორტეპიანოების ერთ-ერთმა წამყვანმა გერმანულმა მწარმოებელმა BECHSTEIN,
რომლის სარეკლამო სახეც ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილია, საქართველოში ექვსი საკონცერტო როიალი ჩამოიტანა. ფესტივალის ბილეთები biletebi.ge-სა და „ბიბლუსის“ სალაროებში იყიდება. ყოველი საფესტივალო დღის 15:00 საათზე ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში ღია მასტერ-კლასები გაიმართება, რომლებზე დასწრებაც ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება. ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის დაწესებულია სპეციალური პრიზები.

ბმულები:
პრომო ვიდეო https://www.facebook.com/TbilisiPianoFest/videos/574400206297349/
ფესტივალის ფეისბუქ გვერდი https://www.facebook.com/TbilisiPianoFest/
ბილეთები https://biletebi.ge/tbilisi-piano-festival/Schedule

ტეგები