არეტა ფრანკლინის სახლში 1 მილიონი დოლარის ღირებულების გაუნაღდებელი ჩეკები იპოვეს
ამობეჭდვა · 30 / 08 / 2019 21:24
არეტა ფრანკლინის სახლში 1 მილიონი დოლარის ღირებულების გაუნაღდებელი ჩეკები იპოვეს

ლეგენდარული ამერიკელი არტისტის, არეტა ფრანკლინის სახლში, მისი ქონების აღწერისას, ერთ მილიონ ამერიკულ დოლარამდე ღირებულების გაუნაღდებელი ჩეკები იპოვეს. სოულის მომღერალს თანხის ძირითადი ნაწილი საავტორო უფლებების დამცველი ორგანიზაციების Sound Exchange და Screen Writers Guild მხრიდან ჰქონდა მიღებული. გამოცემა Billboard-ის ინფორმაციით, მომღერლის ვაჟი, კიკალფ კენინგემი თანხის გამცემ ბანკს უკვე დაუკავშირდა.

ფრანკლინის გარდაცვალების შემდეგ, მისი ქონება ოთხივე შვილზე უნდა გადანაწილებულიყო. თუმცა, ცოტა ხნის წინ მუსიკოსის მიჩიგანში მდებარე სახლში სამი ანდერძი იპოვეს.

ანდერძის თანახმად, არეტამ ერთ-ერთი სახლი ვაჟს, კიკალფს დაუტოვა. ის ასევე თავის ძმასთან, 62 წლის ედვარდთან ერთად მომღერლის ყოველთვიური შემოსავლის ნაწილსაც მიიღებს. რაც შეეხება არტისტის ფულად ქონებას, კიკალფსა და ედვარდს წილი მხოლოდ იმ შემთხვევაში ერგებათ, თუ ბიზნეს-ადმინისტრირების დიპლომებს მიიღებენ. მუსიკოსი მათ სწავლის დაფინანსებასაც დაჰპირდა.

სოულის დედოფალი შარშან, 76 წლის ასაკში დეტროიტში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მომღერალს 2010 წელს პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

18 გრემის მფლობელ შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 75 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არეტა პირველი ქალია, რომელიც 1987 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. გამოცემა "როლინგ სთოუნმა" ფრანკლინი ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის პირველ ადგილზე დაასახელა. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Respect, Think და I Say a Little Prayer მოუტანა.

popmusic.ge

ტეგები