პრეზიდენტის შეწყალებული მსჯავრდებულის ადვოკატმა მკვლელობის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა
ამობეჭდვა · 31 / 08 / 2019 11:23
პრეზიდენტის შეწყალებული მსჯავრდებულის ადვოკატმა მკვლელობის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა

რამაზ დევაძის ადვოკატმა 2014 წლის დეკემბერში მომხდარი დანაშაულის ამსახველი ვიდეომასალა Facebook-ზე გამოაქვეყნა.

„ნაცმოძრაობამ და და მათმა ჟურნალისტებმა იმდენი სიცრუე თქვეს რამაზ დევაძის საქმეზე, რომ წყობიდან გამომიყვანეს. ამ ბოროტ ჭორიკნებს არ ესმით, რომ იურისტი ვსაუბრობ ფაქტებით და მოხდა გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა.

იხილეთ იდეომასალა და მისი სკრინშოტები, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ, რომ მოხდა უბედური შემთხვევა, განიარაღების დროს რამაზ დევაძეს პისტოლეტი გაუვარდა. თარაში ეცემა იატაკიდან წამოდგომის მომენტში, რა დროსაც მას სახეში ტყვია მოხვდა“, -წერს დავით ჯაფარიძე.

რამაზ დევაძეს, რომელიც ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი გახლდათ, 2015 წლის 22 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა სალომე ზურაბიშვილის შეწყალებით მას ციხეში ყოფნა 4 წელზე ნაკლები ვადით მოუწია.

სალომე ზურაბიშვილმა 34 მსჯავრდებული, მათ შორის 1 არასრულწლოვანი და 8 ქალი, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ შეწყალებულთა შორის პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულიც იყო.

პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ ფაქტის განმარტებას არ აპირებს, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.