მამუკა ბახტაძე განმარტავს თუ რატომ გადადგა
ამობეჭდვა · 02 / 09 / 2019 16:56
მამუკა ბახტაძე განმარტავს თუ რატომ გადადგა

მე პირველი საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით დავიწყე ბიძინა ივანიშვილთან უკვე გაზაფხულის ბოლოს და ის გაგრძელდა რამდენიმე თვე, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას, მისი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, გაზაფხულის ბოლოს, აღნიშნული საკითხის ინიციატორი თავად იყო.

„მე მოვედი კონკრეტული მიზნით და კონკრეტული მანდატით. ეს მიზანი არის შესრულებული. მე პირველი საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით დავიწყე ბიძინა ივანიშვილთან უკვე გაზაფხულის ბოლოს და ის გაგრძელდა რამდენიმე თვე. აქაც ჩემი პასუხი არის ძალიან მარტივი. მე, როდესაც ამირჩიეს ამ პოსტზე, ეს არ იყო განპირობებული იმით, რომ არა ჩამოყალიბებული და არა გაზომვადი მიზნები ჰქონოდა ჩემს მინისტრთა კაბინეტს. მე ამ პოსტს სხვანაირად არც დავთანხმდებოდი. ეს იყო გაკეთებული კონკრეტული მიზნების მისაღწევად. ჩვენი ამოცანა იყო, რომ შეგვექმნა სტრატეგიული განვითარების ჩარჩო, დაგვეწყო მისი დანერგვა და უზრუნველგვეყო მისი მდგრადობა. ეს გაკეთდა და არის უზრუნველყოფილი. გაზაფხულის ბოლოს, მე მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ამ საკითხის ინიცირება თავად გამეკეთებინა. ისიც შემიძლია გითხრათ, რომ თავიდან, როდესაც იყო ჩემი მხრიდან ეს საუბრები, თავდაპირველად არ იყო თანხმობა და იყო აზრთა სხვადასხვაობა. მაგრამ საბოლოო ჯამში მოგეხსენებათ, რომ ეს რამდენიმე თვე გაგრძელდა, მედიაშიც აქტიურად განიხილებოდა ეს თემა, როდესაც გაზაფხულის ბოლოს თავადვე დავაყენე ეს საკითხი. შემდეგ უკვე გუშინ გვქონდა საბოლოო კონსულტაცია, სადაც უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

ტეგები