კობა კობალაძე: საკმაოდ საინტერესო იყო თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის პოზიცია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებასთან დაკავშირებით
ამობეჭდვა · 05 / 09 / 2019 14:00
კობა კობალაძე: საკმაოდ საინტერესო იყო თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის პოზიცია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებასთან დაკავშირებით

„ჩვენ ფაქტობრივად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ არაფერს ვაწარმოებდეთ, ჩვენ უნდა ვქმნიდეთ და უნდა უნარიანები ვიყოთ ამ მიმართულებით“,-ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კობა კობალაძე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებასთან დაკავშირებით.

„საკმაოდ საინტერესო იყო ჩემთვის თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის პოზიცია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ დღეს, ჩვენ იმ რეალურ პირობებში, სადაც ვართ, ფაქტობრივად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დამოკიდებულები ვიყოთ იმაზე, რომ ჩვენ არაფერს არ უნდა ვაწარმოებდეთ, ჩვენ უნდა ვქმნიდეთ, ჩვენ უნდა უნარიანები ვიყოთ ამ მიმართულებით და ამ გამოწვევების. მით უმეტეს, რომ ჩვენ ვიცით ერთი რამე, რომ რეალურად, ეს ქვეყანა არის ჩვენი საპატრონო“,-განაცხადა კობა კობალაძემ.

კობა კობალაძემ ყურადღება გაამახვილა გაწვევის სისტემაზე და აღნიშნა, რომ ნებისმიერი გაწვევის სისტემა და ახალწვეულების პრობლემატიკა პირდაპირ პროპორციულად კავშირშია ქვეყნის ეროვნულ პატრიოტულ მოტივაციასთან. მისივე თქმით, ერთერთი უდიდესი სამობილიზაციო რესურსი ქვეყანაში არის ქვეყნის ვეტერანთა შემადგენლობა, რომელსაც აქვს თეორიული, ინტელექტუალური და პრაქტიკული პოტენციალი. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მიმართულებით, სახელმწიფოს აქვს რეალურად გამოხატული პოზიცია.

კობა კობალაძე დაინტერესდა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ხედვებით საზღვაო ძალების განვითარებასთან და სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ასევე საინტერესოა მინისტრობის კანდიდატების პოზიციები მათი უწყებებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის თაობაზე.

„მაქვს ყველასთან ერთი კითხვა, რამდენად აკმაყოფილებს თქვენს რეორგანიზაციულ ხედვებს და გამოწვევებს ის კონკრეტული ბიუჯეტი, რომელიც აქვს თქვენს თითოეულ უწყებას“,-განაცხადა კობა კობალაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც პარლამენტის წევრები მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.








 

ტეგები