ვენეციის კინოფესტივალზე ქართული ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა
ამობეჭდვა · 06 / 09 / 2019 22:01
ვენეციის კინოფესტივალზე ქართული ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა

ვენეციის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული ფილმის პრემიერა გაიმართა. რეჟისორ დიმიტრი მამულიას ფილმი „ბოროტმოქმედი“ საკონკურსო სექცია „ჰორიზონტში“ აჩვენეს.

კინოფესტივალზე იმყოფება ფილმის მთავარი შემოქმედებითი გუნდი: რეჟისორი, მსახიობი, ნატალია ჯუღელი და ფილმის პროდიუსერი სულიკო წულუკიძე.

ამასთანავე, „ბოროტმოქმედი” უკვე ნახა ფესტივალზე აკრედიტებულმა ათასობით ჟურალისტმა, რომლებიც ვენეციის კინოფესტივალს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშუქებენ.

„ბოროტმოქმედი“- ესაა ისტორია ახალგაზრდა კაცზე, რომელიც მაღაროში მუშაობს და შემთხვევით, ცნობილი ფეხბურთელის მკვლელობას შეესწრება.

28 წლის გიორგი ყოველდღიურად თვალს ადევნებს მკვლელობის ძიებას და მის სატელევიზიო გაშუქებას, თუმცა ვერ ახერხებს დარეკოს პოლიციაში და ვერ ეკონტაქტება გარდაცვლილის ოჯახს. ყოველდღიურად ის უფრო და უფრო ეფლობა ამ კრიმინალურ ისტორიაში და საკუთარ თავს კარგავს.

ფილმი Millimetr Film-ის წარმოებაა და შემოქმედებითი ჯგუფი ფილმზე 3 წლის განმავლობაში მუშაობდა. მისი თქმით, რეჟისორის თქმით, მას ჰქონდა სურვილი გადაეღო ისტორია კაცზე, რომელიც შემთხვევითობის შედეგად, სხვა კრიმინალური ისტორიის გამო საკუთარ თავს კარგავს.

ფილმში მთავარ როლებს გიორგი პეტრიაშვილი, მადონა ჩაჩხიანი და ნატალია ჯუღელი ასრულებენ.

ბოლო წლებში, ვენეციის კინოფესტივალის ამავე სექციაში ნაჩვენები იყო ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი” და ქართულ-ფრანგულ-ბრიტანულ-გერმანული კოპროდუქციით გადაღებული ფილმი „პრეზიდენტი“, რომელშიც მთავარ როლს მიშა გომიაშვილი ასრულებს.

ფესტივალის სხვა სექციაში კი გაიმართა რუსუდან ჭყონიას Keep Smiling-ის პრემიერა.

ვენეციის 76-ე კინოფესტივალი 7 სექტემბერს დაიხურება და გამარჯვებულების ვინაობაც დახურვის ცერემონიალზე გამოცხადდება.