"განათლება გვიხსნისო, ამბობენ... განათლება იმ შემთხვევაში გვიხსნის, თუ სხვაგვარად ცხოვრების ნება გვექნება"
ამობეჭდვა · 07 / 09 / 2019 12:27
"განათლება გვიხსნისო, ამბობენ... განათლება იმ შემთხვევაში გვიხსნის, თუ სხვაგვარად ცხოვრების ნება გვექნება"

"ჩემი თაობის უნივერსიტეტელებს ეხსომებათ ეს ამბავი. 80-იანი და 90-იანი წლების მიჯნა იყო. ფასიანი სწავლება ახალი შემოღებული გახლდათ. გეხსომებათ, მისაღებ გამოცდებში ჩაჭრილები აქციებს მართავდნენ ლოზუნგით "მიეცი ნიჭსა გზა ფართო." ჰოდა, მათვის შემოიღეს ფასიანი სწავლება. გავიდა ერთი სემესტრი და როგორც აღმოჩნდა, ამ კატეგორიის სტუდენტებში აღმოჩნდნენ ლიდერები, რომლებიც ცდილობდნენ, იმავე პრინციპით გადაელახათ სასესიო გამოცდები. აშკარა გახდა ის, რაც იმთავითვე ნათელი იყო: ამ ადამიანებს სურდათ არა ცოდნის შეძენა, არამედ სტუდენტის პრესტიჟული მდგომარეობა. მე მაშინ დეკანის მოადგილე გახლდით და მახსოვს, რა ძალისხმევა დაგვჭირდა გამოცდების ჩასატარებლად. ერთხელ, აწ გარდაცვლილმა ლერი მჭედლიშვილმა მომმართა, ფასიანი პირველკურსელები უარს ამბობენ ლოგიკის გამოცდის ჩაბარებაზე, ლოგიკა გონებითი ამპარტავნებაა და სულის ხსნაში ხელს შეგვიშლისო; არადა, ნამდვილად ვიცი, მათ შორის არიან ისეთებიც, ვისაც შეუძლია და სურს გამოცდაზე გამოსვლა, უბრალოდ, აგრესიული ლიდერებისა ეშინიათო. გადარეული იყო, უმეცრებას ნორმად აკანონებენო.

ჰოდა, ჩვენს ფაკულტეტზე ერთი მათემატიკის პედაგოგი გახლდათ. ამ ადამიანმა დაწერა ლამის ასგვერდიანი წიგნი იმის შესახებ, თუ როგორი ალოგიკური იყო ამ სტუდენტების ქცევა. დეტალურად, ლამის ენის მოჩლექით უხსნიდა სტუდენტებს, რომ მათ მოთხოვნა იმას ჰგავდა, ბაზარში მისულებს კომბისტოს ფული გადაეხადათ და არ წამოეღოთ. უხსნიდა,თუ როგორი საჭირო იყო მათი მომავლისათვის ცოდნის შეძენა. ცხადია, თუ ვინმე გაეცნო ამ წიგნს, გულმოწყალედ ეღიმებოდათ მის გულუბრყვილობაზე. პრესტიჟისთვის ბრძოლის აზარტი და პელებეური "სიბრძნე", სოციალური ღირსების ნებისმიერ ფასად მოპოვებისაკენ რომ უბიძგებდა, ახირებული და მიამიტი ადამიანის მდგომარეობაში აყენებდა. ეს ადამიანი კი განაგრძობდა თავისას და ლამის აიძულებდა სტუდენტებს, წიგნი წაეკითხათ. მალე გარდაიცვალა და წიგნიც დავიწყებას მიეცა. ეს ეპიზოდიც ისე მივივიწყეთ, როგორც ცხოვრების უხერხულ მომენტებს ივიწყებს კაცი. თურმე - ტყუილად. 2000 წლის დამდეგს უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან სტუდენტების მოზრდილი ჯგუფი პარლამენტისაკენ დაიძრა მოთხოვნით, გაეროს გადაწყვეტილებით, ახალი ათასწლეულის დადგომასთან დაკავშირებით, სასესიო გამოცდები იქნა გაუქმებული და ჩვენ გვიმალავენო.

ვიცი, რომ ძნელი დასაჯერებელია ეს ამბავი, მაგრამ ჩემი თაობის ადამიანებს ეხსომებათ.

ყველაფერი ეს მუდმივად მახსენდება განათლების რეფორმასთან დაკავშირებით. ვერავითარი რეფორმა (არა მხოლოდ განათლებაში) ვერ იმუშავებს, თუ საზოგადოებაში საკმარისად იქნებიან ადამიანები, ვინც გაბედავს და, ფარულად თუ აშკარად, ამგვარ დამოკიდებულებას გამოხატავს მაღალი კრიტერიუმების, რაციოსა და სამართლიანობის მიმართ და შესაბამის ატმოსფეროს შექმნის. Gogatishvili Mikheil- მა გამახსენა აქსელ ჰონეტის აზრი გარდამავალ საზოგადოებებში პრესტიჟისათვის ბრძოლის ბარბაროსულ ფორმებზე. ასეთ საზოგადოებებში ყვარყვარიზმს ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი აქვს. ილია გაიხსენეთ და ზედმეტად გაგვიჭიანურდა ეს ფაზა, ის გაცილებით ადრე დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქართველმა არისტოკრატმა თუ სასულიერო პირმა ტყვეთა სყიდვა დაუშვა, როგორც ცხოვრების წესი, რადგან "ახლა ასე იყო საჭირო". სოციალური პრესტიჟისთვის საკმარისი აღმოჩნდა თავნება სიყოჩაღე და არა გონიერება და სამართლიანობა, ადამიანის, თუნდაც მტრის ღირსების დაფასება, მასზე ზრუნვა და ა.შ.

ყველაფერი ეს რომ მხოლოდ განათლების სფეროს არ ეხება, ცხადია. იგივეა ყველგან და ამაში არც ზვიადია დამნაშავე, არც - შევარდნაძე, არც - ნაცები და არც - ქოცები. დამნაშავეა ის, რომ ჯერაც უგრძნობელნი ვართ ჩვენი ცხოვრების რაღაც ფუნდამენტური მანკიერებების მიმართ და სწორედ ეს შობს იმას, რასაც შემდეგ ვებრძვით - გნებავთ - აქეთ და გნებავთ - იქეთ. ბანალურია, მაგრამ ასეა: ან ერთის, ან მეორის მიმართ ბრძოლაზე მთელი ენერგიის გადატანა მხოლოდ განტევების ვაცის ძებნას ნიშნავს და სიცრუეში გვამყოფებს. გავდევნით ვაცს, დავმშვიდდებით, მერე კი აღმოვაჩენთ, რომ ახალი ვაცია საძიებელი. რა ვქნათ? არ ვიცი. ძალიან გულუბრყვილო უნდა ვიყო, რომ განვაცხადო, ვიცი მეთქი. უნდა ვიფიქროთ. ის კი ვიცი, რომ ასეთი ატმოსფერო საუკეთესო ნიადაგია საიმისოდ, რომ ნებისმიერმა "ყოჩაღმა" დემაგოგმა ყველა კრიტერიუმი დაგვავიწყოს და თავის ჭკუაზე გვაბურთაოს. ჰოდა, ამასობაში ახალგაზრდებს (და არა მხოლოდ მათ) ერთი სული აქვთ, ეს ქვეყანა მიატოვონ, რადგან, ცნობიერად თუ არაცნობიერად, არ სურთ იმ ვითარებაში ცხოვრება, სადაც ცხოვრების ყველა სფეროს დაუფლებას უმეცარი და თავნება "გენერლები" ცდილობენ. ერთ დღესაც, ისე მობეზრდებათ ყველაფერი ეს ისინი ზნეობრივ რევოლუციას წამოიწყებენ ჩვენი ცხოვრების წესის წინააღმდეგ (თუ უკვე არ წამოიწყეს). მერე მათ არაქართველობაში დასდებენ ბრალს და ა.შ.

p.s. განათლება გვიხსნისო, ამბობენ. განათლება იმ შემთხვევაში გვიხსნის, თუ სხვაგვარად ცხოვრების ნება გვექნება.

ვინც წაიკითხავს, უნდა მაპატიოს ასეთი ვრცელი და კატეგორიული ტექსტი. გუშინდელმა საპარლამენტო ბატალიებმა მიბიძგეს", - წერს ზაზა ფირალიშვილი.