"ეროვნულ ბანკთან კოორდინირებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ, როგორც ეკონომიკური ისე ფინანსური სტაბილურობა და ეს შესაძლებელია"
ამობეჭდვა · 07 / 09 / 2019 16:00
"ეროვნულ ბანკთან კოორდინირებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ, როგორც ეკონომიკური ისე ფინანსური სტაბილურობა და ეს შესაძლებელია"

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ დეპუტატის მიერ,  ლარის კურსთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა. მისი განცხადებით, ლარის კურსი პირდაპირ არის დაკავშირებული, არა მარტო ქართულ ეკონომიკასთან, არამედ სავაჭრო პარტნიორებთან. თუმცა, მისი განცხადებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლარის კურსი ასე მერყეობდეს.

„ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ პატარა და აბსოლუტურად ღია ეკონომიკა. უნდა ვიცოდეთ, რომ ლარის კურსის მერყეობა, ეს არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ის შემადგენელი ნაწილი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული, არა მარტო ქართულ ეკონომიკასთან, არამედ იმასთან, რაც ხდება ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლარის კურსი ასე უნდა მერყეობდეს. ეს ერთი. მეორე: რა თქმა უნდა ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ ლარის გაუფასურებას აქვს რამდენიმე ძალზედ მნიშვნელოვანი ეფექტი, როგორც ჩვენს მოსახლეობაზე, ასევე, ჩვენს ეკონომიკაზე. პირველ რიგში ეს არის ფიზიკური პირები და კომპანიები, რომლებსაც უცხოურ ვალუტაში აქვთ სესხი. ლარის გაუფასურების პირობებში, ეს ადამიანები პირდაპირი შოკის და სოციალური რისკის ქვეშ დგებიან, რაც პირდაპირი მოტივია ჩვენთვის, რომ ეფექტურად გავაგრძელოთ ლარიზაციის პროცესი. ეს არის ერთმნიშვნელოვანი ფაქტი. შემდგომ, მეორე ნაწილი, რაზეც ლარის გაუფასურება პირდაპირ გავლენას ახდენს, ეს არის ფასები.  აქ კიდევ უფრო მეტ სოციალურ რისკებს ვიღებთ. ამიტომ,  ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა ეს არის ის ძირითადი ამოცანა, რომელზეც უნდა იყოს კონცენტრირებული, როგორც მთავრობის, ისე ეროვნული ბანკის და მათი პარტნიორობის ძირითადი მიზანი. მე ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ეროვნულ ბანკთან მაქსიმალურად კოორდინირებული მუშაობით და კოორდინირებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ, როგორც ეკონომიკური, ისე ფინანსური სტაბილურობა და ეს შესაძლებელია.  ამის გარეშე შეუძლებელია ჩვენი ბიზნესგარემოს სტაბილურობაც და კიდევ ბევრი რამ.  შესაბამისად, უნდა გვესმოდეს, რომ კოორდინირებული მუშაობა, ეს არის ძირითადი პრინციპი, როდესაც როგორც ეროვნულმა ბანკმა, ასევე მთავრობამ, თავთავისი ფუნქციები უნდა შეასრულონ. ჩვენ უნდა შევძლოთ,  როგორც მინიმუმ,  პროგნოზირებადი და რბილი გავხადოთ ლარის კურსის მერყეობა. ამისთვის ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა ხაზგასმით უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ პატარა და ღია ეკონომიკა და შრომა მოგვიწევს ძალზედ ბევრი. ასევე, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ შევქმნათ მითები. ყველამ კარგად ვიცით, რომ არსებობს მითები, მაგალითად, წინა ხელისუფლების დროს ლარის კურსის მოულოდნელი გამყარების ან რაღაც მსგავსი. ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ ეს ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ საგარეო ვალის ზრდის ხარჯზე.  სხვა არაფრის ხარჯზე და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელი ქვეყნის საგარეო ვალი გაიზარდა ბოლო 7 წლის განმავლობაში მხოლოდ 7-8%-ით. ისიც კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ 2012 წელს საგარეო ვალი გაზრდილი იყო 1 მილიარდზე მეტით და შესაბამისად, ეს უბრალოდ არჩევანია. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ეკონომიკა არის ჯანსაღი, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვწევს და უნდა გვქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რომ ის დავიცვათ სერიოზული რყევებისგან. რა თქმა უნდა, უნდა გვქონდეს ყველანაირი ინსტრუმენტი და უნდა ვიყოთ ეფექტურები, ფინანსური და ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ეროვნულ ბანკთან ერთად თანამშრომლობით. რა თქმა უნდა, ჩვენი ბიზნესგარემო უნდა იყოს პროგნოზირებადი, იმისთვის, რომ ჩვენმა ბიზნესმა შეძლოს როგორც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა,  ასევე ბიზნესი უნდა იყოს უფრო ძლიერი.  ძლიერი ბიზნესი არის ეკონომიკის ძლიერი და სტაბილური პროგნოზირებადი ეკონომიკის საფუძველი, ისევე როგორც სამუშაო ადგილების ზრდის საფუძველი.“-განაცხადა გიორგი გახარიამ.