ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას გავზარდოთ პენსიები - გიორგი გახარია
ამობეჭდვა · 07 / 09 / 2019 16:49
ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას გავზარდოთ პენსიები - გიორგი გახარია

ფრაქცია "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრისას გიორგი გახარიამ საპენსიო რეფორმისა და მიმდინარე პენსიების შესახებაც ისაუბრა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ საპენსიო რეფორმის შედეგებამდე, რომელიც გრძელვადიანი რეფორმაა,  მიმდინარე დროშიც შესაძლებელია პენსიების გაზრდა და საბიუჯეტო რესურსები ამის შესაძლებლობას იძლევა. ამავე დროს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ ისინი აქტიურად იმუშავებენ სავალუტო ფონდთან, რათა საერთაშორისო ვალდებულებების ფონზე მთავრობამ მოახერხოს პენსიების ზრდის გრძელვადიანი სისტემის დანერგვა, რომელიც ეკონომიკურ ზრდის პროპორციულად მოხდება.  

"დღეს არსებობს კონკრეტული სოციალური ჯგუფი, პენსიონერები, რომლის წინაშეც სახელმწიფოს აქვს პირდაპირი ვალდებულება. ბიუჯეტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მათ განსაკუთრებით მივაქციოთ ყურადღება და გავზარდოთ პენსიები. თუმცა, კიდე უფრო მნიშვნელოვანი არის უფრო ფუნდამენტური სისტემური ცვლილება  და მათი საპენსიო უზრუნველყოფის გარკვეული წესების შექმნა საკანონმდებლო დონეზე. ჩვენ ვეცდებით აქაც გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ, თუმცა გვაქვს საერთაშორისო ვალდებულებები და იმ შემთხვევაში, თუ შევძლებთ ჩვენი პოზიციის დაცვას სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებში, ვეცდებით ინდექსაციის გარკვეული ფორმები შემოვიტანოთ, რომ საპენსიო უზრუნველყოფის ზრდა არ იყოს პოლიტიკური სპეკულირების თემა და პირდაპირ იყოს მიბმული ეკონომიკურ ზრდასთან. ეს არის საკმაოდ სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი - ეს იქნება პრინციპების დონეზე გარკვეული წესების დანერგვა სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობის კონტექსტში პენსიონერების წინაშე და ვთვლი რომ ამ თემით ჩვენ პარლამენტს დავუბრუნდებით ბიუჯეტის დამტკიცების ფარგლებში ‘’, - განაცხადა გიორგი გახარიამ.