ბიძინა გეგიძე მთავრობის დამტკიცების სხდომას ბოიკოტს უცხადებს
ამობეჭდვა · 08 / 09 / 2019 10:58
ბიძინა გეგიძე მთავრობის დამტკიცების სხდომას ბოიკოტს უცხადებს

ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი ბიძინა გეგიძე, რომელიც ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით სარგებლობს, ბოიკოტს უცხადებს 8 სექტემბერს გამართულ პლენარულ სხდომას, რომელზეც საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.

აღნიშნულის შესახებ დეპუტატი თავად წერს სოციალურ ქსელში, სადაც აღნიშნავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს შეტყობინება სოციალური ქსელის - whatsApp-ის მეშვეობით გაუგზავნა.

უცვლელად გთავაზობთ ვაკის მაჟორიტარის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსს:

„მოგესალმებით, ქვემოთ აღნიშნული შეტყობინება გავაგზავნე WhatsApp-ის საშუალებით:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონო არჩილ,მ]საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, გაცნობებთ, რომ ჩემი, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატის, პოლიტიკური შეხედულებების გამო, უარს ვაცხადებ მიმდინარე წლის 8 სექტემბერს პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე. შესაბამისად, არ დავესწრები დაგეგმილ პლენარულ სხდომას.

ბიძინა გეგიძე

7 სექტემბერი 2019“", - წერს გეგიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 1-ლ სექტემბერს, „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხეს, ხოლო გარიცხვის შესახებ შეტყობინება მაჟორიტარმა
სწორედ WhatsApp-ის მეშვეობით გაიგო.

ტეგები