ნინო წილოსანმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს პრემიერის ფონდით დაფინანსებული საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული ახალგაზრდებისთვის საჯარო უწყებებში დასაქმების კვოტების შემოღების წინადადებით მიმართა
ამობეჭდვა · 08 / 09 / 2019 13:05
 ნინო წილოსანმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს პრემიერის ფონდით დაფინანსებული საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული ახალგაზრდებისთვის საჯარო უწყებებში დასაქმების კვოტების შემოღების წინადადებით მიმართა

„პრემიერის ფონდი აფინანსებს ახალგაზრდების საზღვარგარეთ სწავლას, მაგრამ ხომ არ ვიფიქროთ მათი დაბრუნების შემთხვევაში დასაქმების კვოტების შემოღება საჯარო უწყებებში, იმისთვის, რომ ის რესურსი, რომელსაც ჩვენ ჩავდებთ მათი განათლებისთვის, საბოლოო ჯამში, მათივე რეალიზებას მოხმარდეს ჩვენ ქვეყანაში, მოხმარდეს მათივე დასაქმებას ქვეყნის სასარგებლოდ. მინდა გკითხოთ, რას აპირებთ და რას გეგმავთ ახალგაზრდებთან მიმართებაში“, - ამ შეკითხვით პარლამენტის წევრმა, ნინო წილოსანმა პრემიერმინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას პლენარულ სხდომაზე მიმართა, სადაც მთავარობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი იხილება.

მისივე თქმით, პრემიერმინისტრობის კანდიდატის წარმოდგენილი განათლების, კულტურის, სპორტის, სოციალური თუ სხვა პროგრამები, ახალგაზრდებზე მოქმედებს დღეს, ისევე როგორც იმოქმედებს ხვალ. ამიტომ, როგორც არასდროს, საჭიროა მათთან კომუნიკაცია.

„დარწმუნებული ვარ, რომ როგორც არავინ, თქვენ ამას ყველაზე კარგად აღიქვამთ. თქვენსავე დაქვემდებარებაში არის ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდებთან მუდმივ კომუნიკაციაზე ყოფნით გეგმავს მნიშვნელოვან პროექტებს და კონკრეტულ გეგმებს მათი განვითარებისთვის და საბოლოოდ ჯამში, მათი რეალიზებისთვის. სწორედ ამ გეგმებზე მინდა ისაუბროთ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ტეგები