ირაკლი კოვზანაძე: მთავრობას აქვს რეალისტური ხედვა და ორიენტირებული იქნება საქმეზე
ამობეჭდვა · 08 / 09 / 2019 15:41
ირაკლი კოვზანაძე: მთავრობას აქვს რეალისტური ხედვა და ორიენტირებული იქნება საქმეზე

„დასაფასებელია, რომ მინისტრობის კანდიდატები არ გამოსულან პოპულისტური განცხადებებით და დაპირებებით. ვფიქრობ, ეს ნიშნავს, რომ მთავრობას აქვს რეალისტური ხედვა და ორიენტირებული იქნება საქმეზე“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტში პლენარულ სესიაზე, სადაც მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილეს.

კოვზანაძის თქმით, მისთვის, როგორც პროფილური კომიტეტის ხელმძღვანელისათვის, უმთავრესია, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება მაკროეკონომიკური სტაბილურობას და ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობას. როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, მაკროეკონომიკური სტაბილურობის გარეშე ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა, დასაქმება და სოციალური საკითხების მოგვარება წარმოუდგენელია.

კოვზანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა მიზნად ისახავს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომ განვითარებას, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის სრულყოფას, „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტის მომზადებას, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერასა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.



„რაც შეეხება პრემიერმინისტრობის და მინისტრობის კანდიდატებს, მათ საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ შესაბამის სფეროში, ვიცნობთ თითოეულ მათგანს და მიმაჩნია, რომ არიან თავიანთი საქმის პროფესიონალები და წარმატებით გააგრძელებენ ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე რეფორმებს“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.


 

ტეგები